ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლებს დაეუფლა. აღნიშნულ წარმატებას პრაქტიკულად იმავე შემადგენლობამ (ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი) მიაღწია, რომელმაც ამასწინათ ბათუმში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს პირველ ნაკრების რიგებში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, მხოლოდ სათადარიგო მოთამაშის პოზიციაზე მერი არაბიძის ადგილას სალომე მელია თამაშობდა.

ქართველებმა ფინალში “CE Monte Carlo”-სთან 2:2 ითამაშეს და კონტინენტის ვერცხლი მეორედ ჩაიხუტეს. რეგლამენტის მიხედვით გუნდური ფრის შემთხვევაში გადამწყვეტი იქნებოდა პირველი დაფის შედეგი, სადაც შავებით მოთამაშე ნანა ძაგნიძე უკრაინელ ანა მუჟიჩუკთან დამარცხდა. ნინო ბაციაშვილმა თეთრებით იმარჯვა პია კრამლინგთან, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა ყაიმით დაასრულეს პარტიები.

ნაკრები დავით ჯოჯუამ და ხვიჩა სუპატაშვილმა გაწვრთნეს, კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე იყო, დელეგაციას გორგი ჭანტურია ხელმძღვანელობდა.

ჩემპიონატს ბერძნულმა ჰალდიკმა უმასპინძლა. ვაჟებში 61 გუნდი გამოვიდა, თუმც იქ ქართულ კლუბს არ უთამაშია და მოკლედ ვთქვათ, რომ მათ 7 ტური შვეიცარიული სისტემით გაითამაშეს და ჩემპიონი 12 ქულით სანკტ-პეტერბურგის “მედნი ვსადნიკი” გახდა, რომელმაც საპრიზო 22 ათასი ევროდან 8 ათასი მიიღო.

მანდილოსნებში 12 კლუბი ასპარეზობდა. ორგანიზატორებმა გუნდები რეიტინგის მიხედვით ორ, A და B გაყვეს. ჯგუფურ ეტაპზე “ნონამ” 4 შეხვედრა მოიგო, ბოლო მატჩი კი ყაიმით დაასრულა, პირველ ადგილზე გავიდა და ნახევარფინალში B-ჯგუფის მეორეადგილოსან, რუსულ “შორს” დაეჯახა. ჩვენებმა დამაჯერებლად, 3:1 იმარჯვეს და ფინალში, როგორც მოსალოდნელი იყო, მონტე-კარლოს “CE Monte Carlo”-ს შეხვდნენ, რომელიც ევროპის საკლუბო პირველობების 6-გზის გამარჯვებულია და ფინალამდე ქულადაუკარგავად მივიდა. მატჩი 2:2 დასრულდა და მონეგასკური კლუბი მხოლოდ რეგლამენტის დამსახურებით გახდა ჩემპიონი.

ქალთა ტურნირის საპრიზო ფონდი 13 ათასი ევრო იყო, საიდანაც ვერცხლის პრიზიორებმა 4 ათასი მიიღეს, ხოლო ჩემპიონებმა 6 ათასი. ორგანიზატორებმა დაფების მიხედვით წარმატებული მოჭადრაკეებიც დააჯილდოვეს და თითოს 500 ევრო უფეშქაშეს. მათ შორის მესამე დაფაზე მოასპარეზე ჯავახიშვილი იყო, რომელმაც 7-დან 5 ქულით იპირველა.

ვერცხლის კლუბი “ნონა”
წილი
წინა სტატიავენგერი ბაიერნში?
შემდეგი სტატიავენგერზე ლაპარაკიც არ ყოფილა
ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.