2016 წლის ზაფხულში „იუვენტუსს” გონსალო იგუაინი მისთვის სარეკორდო თანხა, 90 მილიონი ევრო დაუჯდა. შემდეგ კი გავიდა ორი წელიწადი და ტურინულმა კლუბმა ახალი რეკორდი დაამყარა — 117 მილიონ ევროდ კრიშტიანუ რონალდუ იყიდა.

და რა ბედი ეწია იგუაინს? მას მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ადგილის დათმობა დასჭირდა. თავდამსხმელს, რომელმაც „ბებერი ქალბატონის” მაისურით მეტოქეთა კარში ორ სეზონში 55 გოლი შეყარა, „მილანში” მოუხდა გადაბარგება. ტურინში მას იოლად შეელივნენ.

„ტურინიდან წამოსვლა ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა, — უამბო არგენტინელმა „ლა გაძეტა დელო სპორტს”, — მე „იუვენტუსისთვის” ყველაფერი გავიღე, ტიტულები მოვიგე, შემდეგ კი გუნდს ხარისხობრივი ცვლილება მოუნდა, მოიყვანა კრიშტიანუ და მე გამომიცხადა, რომ უნდა წავსულიყავი. საუკეთესო გამოსავალი „მილანში” გადასვლა იყო”.

ყველაფერი კი გასული სეზონის თასის ფინალში დაიწყო. „იუვემ” „მილანს” 4:0 მოუგო. გონსალო იგუაინი მთელი 83 წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ფიქრობდა: რას უნდა ნიშნავდეს ეს? ნეტავ რამე ხომ არ ხდება?

„და იმ დღეს მივხვდი, რომ რაღაც შეიცვალა. შემდეგ კი მათ რონალდუ მოიყვანეს”.

იგუაინი ჯერჯერობით „სან სიროზე” იჯარით ჰყავთ და ამაში 18 მილიონ ევროს იხდიან, მაგრამ სეზონი რომ ჩამთავრდება ის 36 მილიონად „ნაღდი მილანელი” გახდება.

ალბათ, ბევრმა იფიქრა, რომ მომხდარის გამო არგენტინელს „იუვენტუსის” სიძულვილი გაუღვივდა, მაგრამ თავად სხვანაირად მსჯელობს:

„მე ტურინელების მიმართ მადლიერების გრძნობით და პატივისცემით ვარ განმსჭვალული, რადგან იქ კარგად მექცეოდნენ. თანაგუნდელებს და ფანებს ვუყვარდი, თუმცა მე წასვლა არ მინდოდა. მათ, ფაქტობრივად, გამაგდეს”.

ახალ კლუბში იგუაინმა ახალი ბედნიერება იპოვნა. ის ამბობს: „მილანელებმა დაუყოვნებლივ მაგრძნობინეს თანადგომა და პატივისცემა. განსაკუთრებით მწვრთნელის ჯენარო გატუზოს მადლობელი ვარ. როდესაც ამ კაცს თვალებში უყურებ, ხვდები, რომ მას ფეხბურთი და ადამიანები უყვარს”.