• გამარჯობა. დღეს რაზე ვილაპარაკოთ?
  • რაღაა სალაპარაკო?
  • რატომ?
  • სიზმარი ვნახე და ყველაფერი გავარკვიე.
  • რა სიზმარი?
  • ვითომ ბრაზილია ჩემპიონი გამხდარიყოს, ბლატერი კი ფიფას პრეზიდენტი.
  • უჰ, რა კოშმარული სიზმარი გინახავს. როგორ მეცოდები.
  • მე რას გეცოდები, ფეხბურთი შეიცოდე. კიდევ ვნახე, რომ მარადონა ნაკრებში დააბრუნეს.
  • აუჰ, კიდევ უფრო დიდი…
  • კიდევ, ფრანგებს მაიკები აერიათ ინგლისელებთან თამაშის წინ და რახან ინგლისელებმა მოუგეს, ხალხმა იფიქრა, ჩემპიონები ფრანგები გახდნენო და იზეიმეს, ამასობაში კი ინგლისელებს ფრანგების მაიკები გაიხადეს და თავისი ჩაიცვეს, რამაც ფრანგი ხალხი აღაშფოთა.
  • რატომ?
  • ჩვენს ნაკრებს ინგლისის ფორმა რატომ აცვიაო.
  • მერე?
  • მერე ინგლისელებმა დაუმტკიცეს, რომ ფრანგები არ არიან.
  • როგორ?
  • როგორ და ჩვენ მხოლოდ ორი ზანგი გვყავს, თქვენ კი მხოლოდ ორი თეთრიო.
  • ვაჰ, რა ჭკვიანური უთქვამთ.
  • შენ რა, ინგლისელები სულელები გგონია?
  • როგორ გითხრა?
  • მითხარი.
  • სულელები ნამდვილად არ მგონია, მაგრამ შენ მართლაც სულელური სიზმარი გინახავს. სად გაგონილა გუნდებს მაიკები არეოდეთ?
  • ჰმ. შენ გგონია, შემთხვევით მოხდა?
  • აბა?
  • მისმინე. ჰოდლი ხომ არის ვენგერის ახლობელი. ვენგერი კი ჟაკეს ახლობელია.
  • მერე მაქედან რა გამოდის?
  • ის, რომ ჟაკეს შიში ჰქონდა, რომ მოვიგო, არ შემაქებენ და რომ წავაგო, მომკლავენო და ჰოდლს სთხოვა, მოდი, მაიკები გავცვალოთ. თუ წავაგე, ხალხს ინგლისი ვეგონები და თუ მოვიგე, გავიხდი და მივახვედრებ, რომ ფრანგი ვარო.
  • მერე ჰოდლმა რაო?
  • ჰოდლმაც იფიქრა, მეც მაწყობსო, თუ მოვიგე ხომ გავიხდი და ინგლისელობას დავამტკიცებ, თუ წავაგე და ფრანგის სამოსით გავიპარებიო.
  • მართლა მაგარი სიზმარი გინახავს, მაგრამ დესაი როგორ უნდა გეგონოს ტონი ადამსი?
  • დესაი კემპბელი უნდა გეგონოს.
  • და ბექემი ბა არა?
  • თუნდაც.
  • ეგ როგორ?
  • ბიჭო, ნუ გამაგიჟე კარემბუ ფეხბურთელი გგონია და ბექემს და ბას ვერ აურევ ერთმანეთში?
  • და კარემბუ ვინ უნდა გეგონოს ინგლისელებში?
  • ვინ და… სქოულზი.
  • აუჰ! ის რიჟა და ეს…
  • მაგას არა აქვს მნიშვნელობა. დღეს ფეხბურთი კი არ არის მთავარი, არამედ რომელი გუნდის მაიკა გაცვია.
  • და გაზა?
  • რა გაზა?
  • გაზას ეცვა საფრანგეთის მაიკა?
  • კი, გაზასაც ეცვა, ოღონდ რახან ეს მაიკაც ლურჯი იყო, ეგონა, „რეინჯერსის“ მაიკა რატომ მაცვია. მე ხომ „მიდლსბროში“ გადავედიო. ამ დროს კი საფრანგეთის მაიკა ეცვა, გაიგე?
  • ამდენს ფიქრობს გაზა?
  • რა ქნას? სიზმარში ხომ მაინც უნდა იფიქროს რამე.

07.05.1998

წილი
წინა სტატიაარადა, თურანი…
შემდეგი სტატიაჩელსი მორატას შემცვლელს მილანში ეძებს
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.