რა და…

მარშრუტის გამო მინდა ვთქვა.

უცნაური მარშრუტი, რომელიც, ალბათ, არცერთ ქალაქში არ არსებობს.

ერთის მხრივ ეს ჩვეულებრივი მარშრუტია, ხალხი ყოველდღე გადიგამოდის ამ გზაზე, მაგრამ თბილისში გაჩნდა დღეები, როცა ადამიანთა უზარმაზარი ჯგუფები ამ მარშრუტს დიდი მონდომებით, ჩქარი და საქმიანი ნაბიჯით გადიან.

რას იზამ – ასეა! როცა ერთ დღესაა კალათბურთიც და ფეხბურთიც. და ფეხბურთი კალათბურთის დამთავრებიდან ზუსტად საათსა და ხუთ წუთში იწყება.

უცნაური მარშრუტია-მეთქი, უფრო კი უნიკალური, რადგან მსოფლიოს არც ერთ ქალაქში არ ხდება ისეთი რამ, რომ ერთიდაიგივე ხალხი, ერთსადაიმავე დღეს მიდიოდეს ჯერ კალათბურთელთა მატჩზე, მერე კი სტადიონზე მიიჩქაროდეს.

უცხოეთში, სადაც საკლუბო „ბალეშჩიკობას“ უბნური პრინციპი უდევს საფუძვლად, სრულიად წარმოუდგენელია, რომ „დინამოს“ ქომაგი და ერთგული „ვითას“ თამაშებზე ხმის ჩახჩლეჩამდე ბღაოდეს. წარმოუდგენელია, რომ ლონდონში, საკალათბურთო „თაუერზის“ თამაშზე, ჩრიდილოეთ უბნებიდან გამოანდნენ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ღრიალა ფანები, კალათბურთებებს უქომაგონ და მერე საყვარელი „ტოტენჰემის“ თამაშის საცქერლად გაქანდნენ – „ვაით ჰართ ლეინზე“ არ დაგვაგვიანდესო.

ჩვენა, ჩვენ სხვანაირი ხალხი ვართ. ჩვენ ერთნაირად ვკითხულობთ „ვითას“, „ბათუმის“, ჭადრაკის, „დინამოს“, გიორგი კანდელაკის ამბებს! ჩვენ უბნურად არ ვქომაგობთ, არამედ, საკლუბო ამბავშიც კი მხოლოდ ნაციონალურად.

„გლაზგო რეინჯერსი“ რომ წააგებს ხოლმე, „სელტიკის“ ქომაგები დავლურს უვლიან.

ანდა, მადრიდი ავიღოთ. შეუძლებელია, „რაიო ვალეკანოს“ გულშემატკივარმა თქვას – ძმებო ჩვენი გუნდი ვალეკანო კი ჩავარდნილია, მაგრამ უეფას ტურნირზე ჩვენი ქალაქის „რეალის“ და „ატლეტიკო“ თამაშობენ და დახე, ორივეს მოუგია! რა სასიხარულოა, რომ ჩვენი ქალაქის გუნდები წინ მიიწევენო.

ასეთი რამ არ არსებობს.

ჩვენთვის ნაცნობ ქალაქ მანჩსტერში, ზუსტად ასი წლის წინათ, იუნაიტედის უფროსობამ რაღაც ინტრიგები მოუწყო სიტის უფროსობას და მეინ როუდის კლუბი დაამცრო. იმ დღიდან, როუდსა და „ოლდ ტრეფორდზე მოსულ გულშემატკივრებს შორის შავმა კატამ გაირბინა და სიძულვილმა დაისადგურა. ჩემი თუ არ გჯერათ, ნოემბერში გიო ქინქლაძე ჩამოვა ინგლისთან სათამაშოდ და იმას ჰკითხეთ.

ჩვენში უბნური დაყოფის ნიშნები ადრე მინი-ფეხბურთში თუ გამოჩნდებოდა.

მერე კალათბურთის ჩემპიონატშიც ჩანდა ასეთი რაღაც – როცა „ვითა“ რომელიმე აღზევებულ გუნდს შეხვდებოდა ხოლმე. თუმცა, აქ უბნური პრინციპი იმდენად არ იყო, რამდენადაც გულის კარნახი და ძმაბიჭობა.

და აი, ისევ მარშრუტი, თვის მხრივ საუცხოო. ბევრმა მოკლე გზებითაც იარა სპორტის სასახლიდან სტადიონამდე.

სანახაობა კი ორივეგან დიდებული იყო. თუმცა, კალათბურთი წავაგეთ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ათი ზანგი, (სულ რომ არ იცოდეს კალათბურთის თამაში) მაინც რაღაცას ნიშნავს და ჩვენი „ვითა“ მაინც კარგად გაისარჯა, რადგან არაფერია იმაზე კარგი, სპორტსმენი რომ ბროძლას ეჩვევა და სანახაობას სთავაზობს მაყურებელს.

სამშაბათს არც ფეხბურთი მოგვიგია, მაგრამ ისიც დიდებული იყო. თამაშისთვის სულ რომ არ გეყურებინა და მხოლოდ ყიფიანისთვის გედევნებინა თვალი, მაინც შეჰყვირებდი.

გაუმარჯოს ახალ მარშრუტს!

(განა ყველა ლოზუნგი ცუდია?)

28.09.1996

წილი
წინა სტატიამოდი, შევთანხმდეთ: საქართველო ფლეი ოფშია!
შემდეგი სტატიაევროპა ორ ნაბიჯში…
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.