თავდაპირველად, რაკი საშუალება მომეცა, ჩემს ძველ მეგობრებს, სარბიელელებს, მედია სივრცეში დაბრუნებას გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ… მოხარული ვარ, რომ “სარბიელისთვის” ამჯერად მე მიწევს რეპორტაჟების მომზადება და როგორც აქამდე, მაქსიმალურად ვეცდები ქართველი ქომაგის ინტერესის დაკმაყოფილებას.
თავდაპირველად კი ნება მიბოძეთ, საქართველოს ერთა ლიგის ფლეი ოფში გასვლა მივულოცო. მოდი, ნუ ვიკამათებთ და ნურც იმას ვიტყვით, რომ ჯგუფში წინ კიდევ სამი ტურია სათამაშო – საქართველო უკვე ფლეო ოფშია და ახლა სხვა ჯგუფების გამარჯვებულებზე და სავარაუდო მეტოქეებზე ალბათ უფრო მეტი უნდა იფიქროს, ვიდრე ყაზახეთზე, ანდორაზე და ჩემთვის ყველაზე სამწუხაროდ, ლატვიაზე… საქართველოს ცხრა ქულა აქვს, სხვებს ორ-ორი… ჰოდა, შევთანხმდეთ, საქართველო ჯგუფში მიუწვდომელი იქნება… მერწმუნეთ, ფლეი ოფშიც ჩემი სახით საქართველოს ერთი ერთგული ქომაგიც ეყოლება და მჯერა, ევრო 2020-ის საგზურიც თქვენ დაგრჩებათ…
საქართველოს ნაკრები რიგას ნაშუადღევს ესტუმრა. გუნდი „რედისონში“ დაბინავდა და საღამოხანს სავარჯიშოდ „დაუგავას“ სტადიონს მიაშურა. გახსოვთ, სწორედ ამ სტადიონზე 20 წლის წინ, 10 ოქტომბერს, ლატვიამ საქართველო 1:0 დაამარცხა. საქართველო მაშინ აშკარა ფავორიტი იყო, თუმც მატჩის დასაწყისშივე ანდრეი შტოლცერსმა გაიტანა, ლატვიამ კი დარჩენილ დროში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. არადა, გუშინდელივით მახსოვს და იმ მატჩზე დამსწრე ჩემი სარბიელელი კოლეგა კობა ინასარიძე დამემოწმება, საქართველოს ოდნავ მაინც რომ გამართლებოდა, სტუმრები დიდი ანგარიშითაც კი გაიმარჯვებდნენ…
ახლა, დამეთანხმებით, სხვა ვითარებაა, საქართველოს ლატვიაზე ისეთივე უპირატესობა არ აქვს, როგორც მაშინ – ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ უკვე მოგების დროა. ყაზახეთთან, ორი დღის წინ თითქმის წაგებული მატჩის გადარჩენის შემდეგ, ნაკრებს უკვე მადა გაეხსნა და ლატვიურ საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო ხშირად ისმის – სამშაბათს უნდა მოვიგოთ! თუმცა ისიც ყველას კარგად ესმის, რომ სამი ქულის მოპოვება ერთობ ძნელი იქნება.
სხვათა შორის, ნაკრები აქამდე „სკონტოს“ სტადიონზე თამაშობდა, თუმც „დაუგავას“ მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და საქართველოსაც იქ მიიღებს, სადაც ყაზახეთს უმასპინძლა. „სკონტოს“ სტადიონი კი საერთაშორისო სანაკრებო დონის მატჩებისთვის უვარგისია. სხვათა შორის, დღეს ლატვიის ნაკრებმა სწორედ „სკონტოს“ სტადიონზე ივარჯიშა, ქვეყნის მთავარი არენა კი სტუმრებს დაუთმო…
ამ არენაზე ორიოდ დღის წინ ყაზახეთთან დაახლოებით 5 ათასი კაცი შეიკრიბა, საქართველოსთან კი ალბათ ამდენიც არ იქნება. ლატვიის ნაკრების წარუმატებლობა ერთია და, მეორე კიდევ მატჩის დაწყების დრო – 22:45, თანაც სამუშაო დღეს. კარგი იქნება თუ საქართველოსთან მატჩს 2-3 ათასი კაცი მაინც დაესწრება.
სადღეისოდ ლატვიის ნაკრების მთავარი პრობლემა გოლის გატანაა… ანდორას ვერ გაუტანეს, საქართველოს ვერ გაუტანეს, ყაზახეთთან კი ჩვენებს გაუმართლათ, სტანდარტულით შეაგდეს. აშკარაა, რომ მიქსუ პაატელაინენის გუნდს თავდასხმის ხაზში პრობლემები აქვს… შაბალა, ვინც ნაკრების მთავარ ფორვარდად ითვლება და 12 გოლი აქვს გატანილი, ლამის ერთი წელია მშრალადაა, ბოლო ოთხი გოლი კი მან ანდორასა და გიბრალტარს გაუტანა. ხოლო 26 წლის კარაშაუსკასმა პირველი სანაკრებო გოლი სწორედ ყაზახეთს შეუგდო. ჩვენი გუნდის ფინელი მწვრთნელი რა ხანია, მაღალკვალიფიცირებული ფორვარდების დეფიციტზე საუბრობს.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ლატვიამ ბოლოდროინდელ სათამაშო მანერას საქართველოსთან უღალატოს. აკი თქვა კიდეც პაატელაინენმა, საქართველოსთანაც კონტრშეტევებზე მოგვიწევს თამაშიო. ქართველებს ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავთ და მათთან თამაშის გახსნა და სივრცეების გათავისუფლება დამღუპველი იქნებაო.
სხვა მხრივ, ლატვიის ნაკრებში ყველაფერი რიგზეა და სამშაბათს, ეგებ, პირველი გამარჯვებაც იზეიმოს, რაც ძალიან ძნელი წარმოსადგენია…