ფეხბურთის ისტორიაში იშვიათია, როდესაც უნიჭიერეს ფეხბურთელთა ჯგუფი ერთად იყრის თავს და ერთმანეთს ისე უგებს, რომ უდიდესი გუნდის სახელს იმკვიდრებს. ასეთი იყო პეპ გვერდიოლას „ბარსელონა”, რომლის წარმატებებში მწვრთნელმა უდიდესი როლი ითამაშა. სხვა სიტყვებით, ამ გუნდს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს როგორც მესის, ჩავისა და ინიესტას, ასევე პეპ გვარდიოლას „ბარსა”. შეცდომა არც ერთი იქნება და არც მეორე.

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში ორჯერ გავიმარჯვეთ გუნდით, რომლის შვიდი ფეხბურთელი ჩვენივე ყმაწვილთა სკოლის აღზრდილი იყო, — თქვა გვარდიოლამ „ლა გაძეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში, — ისინი გუნდში შვიდი-რვა წლისანი მოვიდნენ და ვარსკვლავებად ჩამოყალიბდნენ. კლუბი მეც მენდობოდა. მეც ბავშვობიდან მისი წევრი ვიყავი და ამ ყველაფერთან ერთად, გვქონდა ფული, რომლითაც დიდ ფეხბურთელებს ვყიდულობდით.

და ჩვენს განკარგულებაში იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი”.

გვარდიოლას ეპოქაში „ბარსელონამ” ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი, ორჯერ ევროპის სუპერთასი, სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ აღმართა ქვეყნის სამეფო თასი და სამჯერ ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა.

მწვრთნელი განაგრძობს: „ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება. როდესაც ჩემს მაშინდელ ფოტოებს ვუყურებ, ნოსტალგია მეძალება. დიდებული იქნება თუკი ჩვენს ამბავს ოცი წლის მერეც გაიხსენებენ. ესე იგი ჩვენ მართლა დაგვიტოვებია კვალი”.

შემდეგ გვარდიოლამ განმარტა მესის მნიშვნელობა, უწოდა რა მას „მებრძოლი, მძვინვარე ცხოველი, რომელსაც წაგება სძულს”.

„თუ დიდ თამაშებში მესის გუნდი ეხმარება, მაშინ ის ამ შეხვედრებს იგებს. მას და კრიშტიანუ რონალდუს ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 50 გოლი გაჰქონდათ — წარმოუდგენელი შედეგია”.

ხოლო, როდესაც საუბარი პეპ გვერდიოლას ახლანდელ გუნდს, „მანჩესტერ სიტის” შეეხო, მწვრთნელმა თქვა, რომ მან არ იცის რას უნდა ელოდეს „ქალაქელებისგან” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში.

„ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა 2016 წელს ნახევარფინალში გასვლა იყო. ვერ გეტყვით ვართ თუ არა მზად და არც ისტორია გვაქვს შესადარებლად”, — დასძინა გვარდიოლამ.