დიდი საქმეები ერთ დღესა და ერთ წუთში არ კეთდება. დინჯად და აუღელვებლად სვლა უფრო გაახლოებს მიზანთან, ვიდრე ზღვარსგადასული ამბიცია და უსაგნო ფაფხური. ისევ ჩვენს საფეხბურთო ნაკრებზე მინდა ორიოდე სიტყვის თქმა. დღენიადაგ იმაზე ვოცნებობდით, დიდი ტურნირის ფინალური ეტაპი დაგვეჭაშნიკებინა. როგორ არ გვიოცნებია, იმ ოცნებებში ინგლის-ირლანდიებთან გასვლაზე მოგებაც კი დაგვიგეგმავს (ლივერპული და ვესტ ჰემი გვახსოვს), გერმანიასთან ფრეზეც დავყაბულებულებულვართ და იტალია ხომ საერთოდ “ჩვენი ბულკია”… ორ ათეულ წელზე მეტი შევალიეთ საფეხბურთო ელიტასთან გაშინაურებაზე ოცნებას. ამასობაში, მორაგბეებმა და კალათბურთელებმა მოკლე-მოკლე “დაჯახებებით” (სარაგბო ტერმინი რომ მოვიშველიოთ) უკვე გაიტანეს თავისი წილი ლელო. ახლა ფეხბურთის რიგია. ასე ახლოს ფინალურ ეტაპთან არასოდეს ვყოფილვართ. ჩვენსა და აუხდენელ ოცნებას შორის ხვალ ლატვიელთა ისე რა კრებული ჩადგება და თუ ვიმარჯვეთ, ფლეი-ოფი გველოდება სავარაუდო მეტოქეთა შორის უძლიერესი მაკედონიით. ეს მაინც აღარაა გერმანია და ირლანდიაც კი. საჩვენო კალიბრი და რეალური მიზანია. აბა, ოპტიმიზმის გარეშე საფეხბურთო ქომაგი რა ბედენაა და მჯერა, რომ მიზნამდე მივალთ. მერე კი, როგორც კი… ჯერ ამ ბიჭებს გადავუხდით მადლობას და არც იმ “ბიჭებს” დავივიწყებთ, ლამის საუკუნე თბილისის “დინამოს” სახელით რომ ინაკრებეს. ბოლო ათწლეულებშიც სწორედ ისინი კვებავდნენ ჩვენს საფეხბურთო თავმოყვარეობას და ამბიციას. ამის გარეშე ვერ ვიქნებოდით იქაც კი, სადაც უკვე ვართ და ვერ ვიქნებით იქ, სადაც ყოფნა ასე ძალიან გვინდა. ხვალ ლატვიაა. რამდენიმე შუალედური ფინალიდან პირველი. ნუ დავდგებით ნოემბრის და სხვა ორი შანსის იმედზე. მიგვაჩვიეთ და მივეჩვიეთ – ხვალ უნდა მოვიგოთ.

წილი
წინა სტატიაგაზას ღირსეული პასუხი
შემდეგი სტატიამოდი, შევთანხმდეთ: საქართველო ფლეი ოფშია!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".