უცნაურად მოექცა პოლ გასკოინს შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაცია — მათ საერთოდ გააუქმეს ნომინაცია, რომლითაც გაზა სქოთთა დიდების დარბაზში იმკვიდრებდა ადგილს.

გასკოინმა 1990-იან წლებში სამი წელიწადი გაატარა „რეინჯერსში”. დიდების დარბაზში მოსახვედრად კი ის თავიდან კანდიდატთა შორის დაასახელეს, ხოლო შემდეგ კომისიამ მათ შორის გამოარჩია კიდეც.

მაგრამ, გამოჩნდნენ შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის მავანი ჩინოვნიკები, რომლებიც ბოიკოტით დაიმუქრნენ: თუ დიდების დარბაზისადმი მიძღვნილ საზეიმო ვახშამზე გაზას დაპატიჟებთ, მაშინ ჩვენ არ მოვალთო. რაღა ექნათ ორგანიზატორებს და გამოაცხადეს, ყოფილი ვარსკვლავის ჯანმრთელობა გვაეჭვებს, ამიტომაც ნომინაციას საერთოდ ვაუქმებთო.

ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც აქ აღარ მოვიყვანთ, სწორედ გაზას ჯანმრთელობაზეა აქცენტი გაკეთებული.

პოლ გასკოინმა სქოთების ამგვარ ხლაფორთს „ტვიტერზე” ღირსეული პასუხი გასცა. მან დაწერა:

„ჩემს კარიერაში „რეინჯერსის” შემადგენლობაში რამდენიმე წელიწადი გავატარე, საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშე და გლაზგოელი ფანების სიყვარულიც ვიგრძენი, ასე რომ საუკეთესოდ აღიარებისათვის შოტლანდიის დიდების დარბაზში ყოფნა არ მჭირდება”.