კარგი ტურნირია უეფას ერთა ლიგა. იურგენ კლოპმა კი თქვა, სისულელეაო, მაგრამ ვისთვის როგორ. ისინი თავისი ფეხბურთელების ეროვნულ გუნდებში წასვლაზე დარდობენ, ემანდ რამე არ დაიშავონო, მაგრამ ახლა აქეთაც იკითხონ…

ამ ტურნირმა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ახალი, სასიამოვნო ფურცელი გადაშალა. ბევრი რამ პირველად მოხდა და ხდება. მაგალითად, „ჯვაროსნებმა“ ოფიციალურ ტურნირში პირველად მოიგეს სამი მატჩი ზედიზედ, თან ისე, რომ გოლი არ გაუშვიათ. პირველად არიან სამი ტურის შემდეგ ჯგუფის თავში და ახლა ლიდერობის წნეხსაც უნდა შეეჩვიონ. რა სალბუნი სიტყვებია, არა?

პირველად ხდება, რომ ანდორის დონის ნაკრებთან მატჩზე „დინამო არენაზე“ 40 ათასამდე ქომაგი მიდის… სტადიონის ვეება ჯამიც სასიამოვნოდ გრუხუნებს. კარგია, ძალიან კარგი…

ერთი ამბავი გამახსენდა. 1997 წლის აპრილში, ლონდონში, ინგლის-საქართველოს შესარჩევ მატჩს ვაშუქებდი. ინგლისელებისთვის, ალბათ, ისეთივე ჯუჯები ვიყავით (იქნებ უფრო მეტადაც), როგორც ანდორაა დღეს ჩვენთვის. ახლა კიდევ ცოტა გაგვიცნეს, მაშინ კი… ნუ, ქინქლაძე იცოდნენ, მაგრამ საიდან იყო გიო წარმოშობით, ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ. ჰოდა, ჩვენთან გამარჯვება ისე გაუხარდათ, თითქოს მსოფლიო ჩემპიონები გამხდარიყვნენ. გადაჭედილი ძველი „უემბლი“ ლამის ჭკუიდან შეიშალა…

ანუ, მათთვის მოწინააღმდეგის სიძლიერეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო, რომ მათმა ეროვნულმა გუნდმა, მათმა ქვეყანამ გაიმარჯვა.

 

 

მოგება, პირველ ნომრად თამაში უნდა ისწავლოთო, ვუკიჟინებთ ხოლმე ფეხბურთელებს. მაგრამ, ჩვენც უნდა შევიცვალოთ და საქომაგოდ ყოველთვის წავიდეთ… არ აქვს მნიშვნელობა როგორი კვალიფიკაციის მოწინააღმდეგე გვეყოლება. საქმე ხომ ჩვენს ღირსებას ეხება.

ანდორასთან თამაში კი ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით. ორივე გუნდის მწვრთნელმაც კარგად იცოდა, მოსალოდნელი სცენარი. ფაქტობრივად, ცალკარა იყო და ასეც უნდა ყოფილიყო. ბურთის ფლობა 77 – 23-ზე ჩვენს სასარგებლოდ, პასები 625 – 153-ზე, ზუსტი გადაცემები 565 – 94-ზე…

ანდორელებმა საკმაოდ უხეში გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს, რაც საერთოდ, დაბალი კლასის მაჩვენებელია. აი, რას წერდა მათზე „დეილი მეილის“ ცნობილი მესვეტე მარტინ სამუელი თავის დროზე ინგლისი – ანდორას მატჩის შემდეგ: „ეს ნაკრები ყოველივე იმ უნიჭობის გამოხატულებაა, რაც კი ფეხბურთში არსებობს. მათი მოთამაშეები ოდნავი შეხებისთანავე ეცემიან მინდორზე. უხეშობენ. მწვრთნელები თერთმეტივე ფეხბურთელს კარში აყენებენ. სადაც მოხვდებათ, ბურთს იქით ურტყამენ და ისევ საწყის პოზიციას იკავებენ. ამ ნაკრების არსებობა უსარგებლოა ფეხბურთისთვის.“

თუმცა, რას ვერჩით, როცა ანდორა ფართობით ლამის თბილისის ნახევარია. მოსახლეობა კი ერთი სტადიონი ხალხი – დაახლოებით 86 ათასი.

მათი მწვრთნელი, კოლდო ალვარესი თავიდან ამბობდა, ჯგუფში ყველაზე ძლიერი ყაზახეთიაო, მაგრამ გუშინ დასძინა:  საქართველო არამხოლოდ კონკრეტული ქვეჯგუფის, არამედ მთლიანად D ლიგის ფავორიტიაო.

საინტერესოა, რომ 48 წლის კოლდო წარმოშობით ჩვენი ნათესავი, ბასკია. მოგეხსენებათ, სათავადოს მოქალაქეობის მიღება ერთობ რთული პროცედურაა და თავის დროზე, კოლდო აქაც „ქართულად“ მოიქცა – ანდორელი ბანკის მმართველის ქალიშვილზე დაქორწინდა და პრობლემაც მოაგვარა. მანადე ის ფეხბურთის გარდა, სადაზღვევეო კომპანიის თანამშრომელი გახლდათ, მაგრამ ნაქორწინევს სიმამრის ბანკში დაასაქმეს, ერთობ სოლიდურ თანამდებობაზე.

ბოლოს კიდევ ერთი სასიამოვნო წვრილმანი (შეიძლება მსხვილმანიც): ჯაბა კანკავამ მესამე ბურთი მეოთხე დამატებულ წუთზე (90+4) გაიტანა და მსაჯმა მაშინვე ჩასტვინა საფინალოდ. ანუ „ჯვაროსნებმა“ ბოლო წამებამდე იბძოლეს. აქეთ, ჩვენს კარში, ასეთი რამ უცხო ხილი არ არის, მაგრამ პირიქით…