ფრანგმა ვარსკვლავმა პოლ პოგბამ ინტერვიუში თქვა, რომ ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონობის მოგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედზე” კონცენტრირება გაუჭირდა.

მოგეხსენებათ, რუსეთში გამართულ მონდიალზე საფრანგეთმა გაიმარჯვა. „ლურჯები” ახლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები არიან.

შემდეგ კი დაიწყო ყოველდღიურობა: პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასის შეხვედრები… ნახევარმცველს იმას ვერავინ დასწამებს, რომ რაც ახალი სეზონი დაიწყო, ერთიანად უფერულია — გამობრწყინებები ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედის” წარმატებული თამაშისთვის ეს საკმარისი არ გახლავთ. ჟოზე მოურინიუს გუნდმა ინგლისის პირველობაზე უკვე სამი თამაში წააგო, ხოლო თავად მწვრთნელი სერიოზული კრიტიკის ობიექტად იქცა.

პოგბა მოურინიუსთან რამდენიმე კონფლიქტშიც შეამჩნიეს. მათი ღრენა ერთხელ კამერებმაც გადაიღო. იყო შემთხვევა, როდესაც ფრანგმა ჟურნალისტს უთხრა, მე ვერ გეტყვით ვისი ბრალია „მანჩესტერ იუნაიტედის” კრიზისი, რადგან დამაჯარიმებენო.

ახლა კი პოგბა ამბობს: „ზაფხულის შემდეგ საქმეზე კონცენტრაცია მიჭირს. ეს მართლაც ძნელია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარსკვლავებს მივწვდით. ჩვენ მოვიპოვეთ ყველაზე დიდი ჯილდო, რაც კი შეიძლება ფეხბურთელმა მოიგოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მიზნის გარეშე არ დავრჩენილვარ. მაგალითად, მე არასდროს ვყოფილვარ პრემიერლიგის ჩემპიონი და ეს მიზნად მაქვს დასახული”.