9 ოქტომბრის საღამოს ესპანურ საკურორტო კუნძულ მალიორკას კოკისპირული წვიმა დაატყდა. სერიოზულად დაზარალდა კუნძულის ცენტრალური ქალაქი პალმა. დაზიანებულია გზები და ხიდები. კუნძული რაფაელ ნადალის სამშობლოა. მსოფლიო ჩოგბურთის პირველი ნომერი ამჟამადაც იქ იმყოფება და მუხლის ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. მეორე დილასვე რაფამ რეზინის ჩექმები ჩაიცვა და აღდგენით სამუშაოებში ჩაერთო. პარალელურად, მისი საჩოგბურთო აკადემიის კარი უსახლკაროდ დარჩენილთათვის გაიღო და დროებით თავშესაფრად იქცა. ათ გარდაცვლილს შორის ერთი რაფას ბავშვობის მეგობრის ოჯახის წევრიცაა. დღემდე დაკარგულად ითვლება ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი.