არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ „მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა ლეო მესიზე, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე.
ასე მაგალითად, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიაზე მას ცუდი არაფერი დასცდენია. ამასთან, სამპაოლიმ თავისი მომავალიც ახსენა.
„გადავწყვიტე ცოტა ხანი დავისვენო, რათა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გავაანალიზო ყველაფერი, რაც მოხდა. ეს ანალიზი პირადად ჩემთვის არის საჭირო. მინდა უკეთ დავგეგმო მომავალი. მთელი ამ ხნის განმავლობაში პრესასაც ამიტომ გავურბოდი, მაგრამ, არც კინოში სიარული შემიწყვეტია და არც კაფეში ყავის სმა. ჰოდა, მინდა გითხრათ, რომ პირში ჩემთვის ცუდი არავის არაფერი უთქვამს. არავის გავუკრიტიკებივარ.
ტვირთი, რომელიც ჩვენს ჯგუფს აჰკიდეს ძალიან მძიმე იყო. ეს გახლდათ დაკისრებული ვალდებულება, რომლის გამოც ყოველი კონკრეტული შეხვედრა საოცრად გართულდა. რთულია, ნიჭიერ ხალხს ასე ძალით გამოამჟღავნებინო თავისი უნარი”.
ხორხე სამპაოლი მსოფლიოს ჩემპიონატსა და იმ ფეხბურთელებზე, რომელბიც მონდიალს მიღმა დარჩნენ:
„ჩვენ კონკრეტული ამოცანის წინაშე ვიდექით — მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოგვეგო. რასაკვირველია, სიაში გვყავდა ბევრი ფეხბურთელი, რომელთა დიდ ნაწილს ნაკრებში თამაშის გამოცდილება და 2014 წლის მონდიალის ფინალი უმაგრებდა ზურგს, მაგრამ დრო გვქონდა ძალიან ცოტა. შევადგინეთ დაახლოებით ასკაციანი სია. ამ მოთამაშეების გამოყენებას ვაპირებდი მოკლე, საშუალო და ხანგრძლივ პერიოდში, მაგრამ რუსეთის შემდეგ აღარ დამცალდა.
მსოფლიოს ჩემპიონატისთვის წესიერად მომზადების დრო არ მოგვეცა. ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ და მალევე რუსეთში მოგვიხდა გამგზავრება. სამომავლო ფეხბურთელების შემოკრებისა და მომზადების საშუალებაც კი არ მოგვეცა.
კითხვაზე, როგორია ლიონელ მესის მწვრთნელობა, ხორხე სამპაოლიმ უპასუხა:
„წილად მხვდა პატივი ვყოფილიყავი მესის მწვრთნელი და ეს დიდებული იყო. განსაკუთრებით მიხაროდა ასე თავდადებულს რომ ვხედავდი. ჩემს გუნდში იყო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე, რომელიც სულს და გულს დებდა საქმეში. წარუმატებლობას ძალიან განიცდიდა. როდესაც ლეო გუნდში გყავს, შეცდომის უფლება აღარ გაქვს“.
შეძლებს ლეო მესი გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი 2022 წელს?
„რასაკვირველია, მას შეუძლია გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ამ შედეგის მიღწევას უწყვეტი პროცესი სჭირდება, მითუფრო მას მერე, რაც თავს გადაგვხდა. მაგალითად, თუ გუნდი „კოპა ამერიკას” ვერ მოიგებს, პროცესი არ უნდა შეწყდეს, მუშაობა მაინც უნდა გაგრძელდეს. დროა წერტილი დავუსვათ გიჟურ დამოკიდებულებას: თუ ვერ მოიგე, ესე იგი „ლუზერი” ხარ! ასე არ არის. თუ გწამს, გამარჯვება ყოველთვის შეიძლება”.
ხავიერ მასკერანოსა და სხვა ლიდერების შესახებ:
„ყველა ღონეს ვხმარობდი, რათა არგენტინის ნაკრები განვითარებულიყო როგორც გუნდი. მინდოდა შემეკრიბა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც „ლუზერობის” ტვირთის მხრებიდან ჩამოგდებას შეძლებდნენ. საჭირო იყო იმ მღელვარების დავიწყება, რომელიც მათ როგორც ფეხბურთელებს და როგორც გუნდს წინსვლაში უშლიდა ხელს.ჩემს თვალწინ იყო ვარჯიშები, სადაც ეს მოთამაშეები უმაღლეს ოსტატობას აჩვენებდნენ და მატჩები, სადაც ისინი ამ დონეზე ვეღარ ასპარეზობდნენ.
ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ფეხბურთელი, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა, გულწრფელი და თავდადებული იყო. მეც დიდძალი ენერგია ჩავაქსოვე, რათა გაგვემარჯვა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით. სამომავლოდ კი, რასაკვირველია, დიდძალი გამოცდილება შევიძინე”.
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კლაუდიო ტაპიას შესახებ:
„მან შანსი მომცა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ. კლაუდიო ტაპიაც ვალდებულებების სამყაროში ცხოვრობს. ეს ის სამყაროა, რომელიც მეც გავიარე. ვფიქრობ, ისიც არგენტინული საზოგადოებისა და მენტალიტეტის მსხვერპლია”.
საკუთარი მომავლის შესახებ:
„მოთმინებით ველოდები პროექტს, რომელიც კვლავ მომცემს ჩემი პროფესიით სიამოვნების საშუალებას. როდესაც ისევე, როგორც ჩილეს, პერუსა თუ ეკვადორის ნაკრებსა და „სევილიაში” მოედნის კიდიდან შევძლებ განვავითარო გუნდი თუ ცალკეული ფეხბურთელი. მინდა კვლავ ასეთ ორომტრიალში დავბრუნდე. მანამდე კი ძალიან ბევრ ფეხბურთს ვუყურებ”.