რუსეთის საფეხბურთო ნაკრების წევრებს ციხე ემუქრებათ. მოკლედ: ზენიტელმა კოკორინმა და კრასნოდარელმა მამაევმა დაძმაკაცების ათი წლისთავის აღნიშვნა იმით დაიწყეს, რომ პეტერბურგი-მოსკოვის მატარებელში მთელი ვაგონი იქირავეს. მოწმეთა ჩვენებით, ვაგონ-რესტორანის ალკოჰოლის მარაგი მხოლოდ ამ ორმა აითვისა, მოსკოვში ჩავიდნენ და დაიწყო…
“ვარსკვლავებს” გზად მავანი ბელორუსი შემოელახათ ისე, რომ ამ უკანასკნელმა ტვინის შერყევა მიიღო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანის მძღოლი იყო. თან იმ წამყვანის მერსედესიც დალეწეს.
თავგადასავალი კაფეში გაგრძელდა: კოკორინს და მამაევს თვალში არ მოუვიდათ მავანი კლიენტი, ეროვნებით კორეელი, რომელსაც სუნიანი ჩინელი ეძახეს და სკამი გადაატეხეს თავზე, მის მისაშველებლად მისულ რუს მეგობარს კი მუშტით გაუსწორდნენ.
“სუნიანი ჩინელი” სინამდვილეში “რუსეთის რკინიგზის” ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი, მისი მეგობარი კი მანქანათმშენებლობის სამეცნიერო ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი აღმოჩნდა…
მოკლედ: შემთხვევიდან ორ საათში კოკორინის მეგობარმა კაფეს პატრონს კამერის ვიდეოჩანაწერში 5 მილიონი რუბლი (75 ათას დოლარამდე) შესთავაზა, მაგრამ ფლეშკა უკვე “სუნიანი ჩინელის” მძღოლს აღმოაჩნდა ნაყიდი…
“კრასნოდარმა” რუსეთის საფეხბურთო კავშირს უკვე მიმართა მამაევთან კონტრაქტის გაწყვეტის მოთხოვნით. “ზენიტი” კოკორინის სასტიკად დასჯის პირობას დებს. გადაწყვეტილია, რომ კოკორინი და მამაევი ნაკრებში ვეღარასოდეს ითამაშებენ. ეგ კი არა, ხუთ წლამდე ციხე ემუქრებათ და ადვოკატები ცდილობენ, ცემის მუხლი ხულიგნობამდე გადააკვალიფიცირონ. და რა შუაშია ჟირინოვსკი? რუსული პოლიტიკის სწორუპოვარმა მასხარამ გამოსავალი მონახა: კოკორინი და მამაევი სირიაში მივავლინოთ იქაური ბავშვებისთვის ფეხბურთის მასწავლებლებად და ვადა სასჯელის მოხდად ჩავუთვალოთო…