შესვენებისას ტაქტიკური ცვლილებები პოლ პოგბას უთქვამს. „სანის” ინფორმაციით მოურინიუს უკითხავს და ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონსაც ზუსტად დაუსახელებია, რა უნდა შეეცვალა „მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ „ნიუკასლთან” 0:2-ს აგებდა. ცხადია, პრემიერლიგის ბოლო ტურში მომხდარზე მოგახსენებთ — მეორე ტაიმში მანჩესტერელებმა სამი გოლი გაიტანეს და მოიგეს.
კერძოდ, როდესაც პორტუგალიელ მწვრთნელებს ფეხბურთელებისთვის უკითხავს, აბა თქვენი აზრით რა არის შესაცვლელიო, პოგბას უპასუხია, რომ საჭიროა თავად უფრო უკან, მოედნის სიღრმეში, მცველების წინა პოზიციამდე დაიხიოს, მის წინ კი მორუან ფელაინი დადგეს. მოურინიუც დაყაბულდა, სწორედ ასე მოიქცა — ფელაინი სკოტ მაკტომინის ნაცვლად შეიყვანა, მის ადგილას კი, დაცვის ცენტრში, ნემანია ვიდიჩი გადაიყვანა. აქვე დავძენთ, რომ მაკტომინი დაცვაში იმიტომ მოხვდა, რომ პირველი ტაიმის მე-19 წუთზე დაშავებული ერიკ ბეიის ადგილი დაიკავა.
მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჟოზე მოურინიუმ თქვა: „შესვენებისას აზრები გავცვალეთ. ერთმანეთს ვუთხარით, თუ რა იყო ჩვენი ტაქტიკაში შესაცვლელი. ამან დაახლოებით ორი წუთი დაიკავა, რის შემდეგაც, დანარჩენი რვა წუთის განმავლობაში, მე ბიჭებს იმ საკითხებზე ველაპარაკე, რომელთა წყალობით, ჩემი აზრით, მათ მეორე ტაიმში უფრო თავისუფლად უნდა ეთამაშათ. შედეგად ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ 3:2 მოვიგეთ. ეს შესანიშნავი იყო”.
რაც შეეხება მოურინიუს სამსახურიდან გაშვებასა და მის ნაცვლად ზინედინ ზიდანის მიყვანას. შაბათის ეფექტური ქამბექის შემდეგ მოურინიუს ცხადია ხელს ვერავინ ახლებს და პრესაში ზიდანის აგენტის ალენ მიგლიაჩიოს (ფრანგულად ასე გამოითქმის ამ ალჟირული წარმოშობის ფრანგის სავარაუდოდ იტალიური გვარი) კომენტარიც გამოჩნდა.
„არა მგონია ზიდანმა ინგლისში დაიწყოს მწვრთნელად მუშაობა. ეს მისი სტილისგან ძალიან განსხვავებულია. მე მას ველაპარაკე და პრემიერლიგაში გადასვლის პერსპექტივით მოხიბლული კაცის შთაბეჭდილება არ დატოვა. გარდა ამისა, მას გადაწყვეტილი აქვს ერთი წელიწადი დაისვენოს და მანამდე საქმეს ხელს არ მოჰკიდებს”, — თქვა მიგლიაჩიომ.