მაშ ასე, 28-ე ტურით ელიგაში მეოთხე წრე დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონი ბოლოსკენ დაიძრა და ახლა ყოველ მატჩს თუ ქულას განსაკუთრებული ფასი დაედება..

ვითარება ასეთია: ჩემპიონობისთვის „საბურთალო“ და „დინამო“ იბრძვიან. მესამე საპრიზო და ამავდროულად საევროთასო ადგილს კი ერთმანეთს „დილა“, „ჩიხურა“ და „ტორპედო“ ეცილებიან. ცხრილის ქვედა ნაწილში „სიონს“, „სამტრედიასა“ და „კოლხეთს“ შორისაა ელიტაში დასარჩენად პაექრობა გაჩაღებული.
დებულების თანახმად, ქვედა ლიგაში პირდაპირ მხოლოდ ბოლოადგილოსანი დაქვეითდება. მე-8-9 ადგილოსნები კი ელიგა 2-ის მე-2-3 ადგილებზე გასულებთან გაარკვევენ ურთიერთობას.
ტურის გამხსნელ შეხვედრაში, ფოთის „პარკი არენაზე,“ „ჩიხურამ“ გიორგი ბუხაიძის ადრეული გოლით მოუგო „კოლხეთს.“ საჩხერელებმა თავად ხომ უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვეს და ფოთელებსაც ერთობ გაურთულეს საქმე. მით უმეტეს, რომ კოლხთა უშუალო კონკურენტმა „სამტრედიამ“ ზესტაფონში „ლოკომოტივს“ ჩერნოგორიელი ივან ფატიჩის გოლით მოუგო და კონკურენტს 5 ქულით გაუსწრო. საინტერესოა, რომ სამტრედიელებმა წლეულს მხოლოდ 3 მატჩი მოიგეს და აქედან ორი „ლოკომოტივთან“.
ლიდერი „საბურთალო“ „სიონს“ „სტუმრობდა“ „მიხეილ მესხის“ სტადიონის სათადარიგო მოედანზე და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ორი დუბლი დაფიქსირდა. ორ-ორი გოლი ბოლნისელმა ბიძინა მახარობლიძემ და საბურთალოელმა გიორგი დიასამიძემ გაიტანეს.
კიდევ ერთი, დუბლი ამ ტურში დინამოელმა ბუდუ ზივზივაძემ მიითვალა. ხოლო იმავე „მიხეილ მესხი 2“ – ზე, „დინამომ“ 3:0 სძლია „რუსთავს“. ეს ბუდუს უკვე მესამე დუბლია სეზონში, მანამდე მან ორი ბურთი მე-4 ტურში „ტორპედოსან“ და მე-18 ტურში „დილასთან“ გაიტანა.

სულ კი სეზონში 35 დუბლია შესრულებული.
გორში ერთმანეთს „ბრინჯაოს“ უშუალო კონკურენტები „დილა“ და „ტორპედო“ შეხვდნენ. ქუთაისელებმა გორელებს ოთხი დღის წინათ გადადებულ მატჩში 2:0 სძლიეს და ცხადია, ქართლელებს რევანშის წყურვილი არ ასვენებდათ. თავისებური შეხვედრა გამოდგა, დაძაბულობა მეტი იყო, ვიდრე სახიფათო მომენტები. ნახევარი საათის თავზე ტორპედოელთა სლოვაკმა მილოშ ლაჩნიმ და გორელმა გიორგი გადრანმა ჯერ სტუმართა საჯარიმოში წაიჭიდავეს, მერე კი იჩხუბეს და მსაჯმა, ჯენერი ხორავამ ორივე გააძევა.
ხორავასთვის ეს მეორე მსგავსი შემთხვევა გამოდგა წლევანდელ სეზონში. მანამდე, 10 აგვისტოს, ლიგა 2-ის „ცხინვალი“ – „შუქურას“ მატჩში, მან ქობულეთელი ერეკლე ლებანიძე და ცხინვალელი გურამ მაღალდაძე დაითხოვა ერთდროულად მინდვრიდან.
ამ შეხვედრაში ერთი სასეირო ამბავიც მოხდა. მინდორზე ძაღლი შევარდა და თამაში დაახლოებით 2 წუთით შეჩერდა. მაყურებელი ერთობ გახალისდა, როცა ცუგრუმელა სტუმართა საჯარიმოში წამოკოტრიალდა და მეკარე როინ კვასხვაძეს თამაში დაუწყო.
ახლა ელიგაში სანაკრებო პაუზა გამოცხადდება და შემდეგი ტური უკვე 19-21 ოქტომბერს გაიმართება.
28-ე ტური: კოლხეთი 0:1 ჩიხურა, სიონი 2:3 საბურთალო, სამტრედია 1:0 ლოკომოტივი, რუსთავი 0:3 დინამო, დილა 0:0 ტორპედო
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
საბურთალო | 36 | 24 | 7 | 5 | 64:29 | 79 |
დინამო | 36 | 21 | 6 | 9 | 73:38 | 69 |
ტორპედო | 36 | 20 | 9 | 7 | 66:25 | 69 |
ჩიხურა | 36 | 19 | 7 | 10 | 54:33 | 64 |
დილა | 36 | 17 | 12 | 7 | 60:40 | 63 |
ლოკომოტივი | 36 | 12 | 8 | 16 | 43:55 | 44 |
რუსთავი | 36 | 8 | 13 | 15 | 33:44 | 37 |
სიონი | 36 | 8 | 7 | 21 | 39:65 | 31 |
სამტრედია | 36 | 4 | 9 | 23 | 28:81 | 21 |
კოლხეთი | 36 | 4 | 8 | 24 | 26:76 | 14 |
შენიშვნა: კოლხეთს დაკლებული აქვს 6 ქულა
29-ე ტური
19 ოქტომბერი: ჩიხურა – დილა
20 ოქტომბერი: სიონი – სამტრედია
21 ოქტომბერი: დინამო – ლოკომოტივი, ტორპედო – რუსთავი, საბურთალო – კოლხეთი
მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 16, მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 15, ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 14, ლეანდრო რიბეირო (დილა) – 13, ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი ავსტრია) – 11, ლევან კუტალია (ტორპედო) – 10, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) – 9