ესეც თქვენი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი და ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ხუანი. ნიკოლოზ ბასილაშვილი CHINA OPEN – ის ტრიუმფატორია. სწორედაც ტრიუმფატორი და არა უბრალოდ გამარჯვებული. ერთ კვირაში ხუთი დიდებული სანახაობა, ოთხი სეტწაუგებელი გამარჯვება და ფინალი ვისთან – ორმეტრია არგენტინელთან, მსოფლიო ათეულშიც შიშით და რიდით რომ ეპყრობიან. შიში და ნიკა ბასილაშვილი ანტონიმებია. ქართველმა პირველი სეტის სტარტზევე აართვა მოწოდება ფავორიტს და საკუთარი აღარ დაანება. ეგ კი არა, მეშვიდე გეიმში სამი ბრეიკიდან ერთიც რომ გამოეყენებინა, ანგარიში 5:2 ხდებოდა და ამდენს აღარ გვანერვიულებდა. მეორე სეტში ბრძოლა თითოეული გათამაშებისთვის მიდიოდა. დელ პოტრომ ჯოკერი – ეისები ჩართო საქმეში და ჯამში 11 კი მოაგროვა, მაგრამ რა ხეირი. არგენტინელი 4:3 იგებდა და ნიკას მოწოდებაზე სამი ბრეიკპოინტიც ჰქონდა, მაგრამ ბასილაშვილმა არ დაანება. როგორც ჩანს, დელ პოტრო ოდნავ გატყდა მა მყისვე საკუთარი მოწოდება წააგო. ნიკას ისღა დარჩენოდა, უპირატესობა ტრიუმფად გადაეხურდავებინა და მესამე მატჩბოლით წერტილი დასვა – 6:4, 6:4. აქამდე ATP ტურზე ქართველს ტურნირი არ მოეგო და წელს ერთბაშად ორი 500-იანი დაიპყრო: გერმანიის ჩემპიონობას ჩინეთისა შეემატა. 500 სარეიტინგო ქულა ის მონაგარია, ხვალიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს მსოფლიოს N22 ჩოგნობამდე რომ აღაზევებს. ჩინელებს არც საპრიზო ფონდი დაეწუნებათ და გამარჯვებული 733 320 დოლარის ჩეკს მიიღებს. დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ მომავალი სეზონის სტარტზე დიდი სლემის პირველ ტურნირს – ავსტრალიის ღია პირველობას ნიკა განთესილთა შორის დაიწყებს. ეს არ არის მაქსიმუმი. დაგვაჯერა!

წილი
წინა სტატიაჰაბიბი, ჰაბიბი…
შემდეგი სტატიაქამბექი პოგბას ტაქტიკით
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".