ჟოზე მოურინიუ სამსახურიდან გაგდებას გადარჩაო, წერენ ინგლისური წყაროები. მისი „მანჩესტერ იუნაიტედი” უკვე მე-10 წუთზე შინ 0:2-ს აგებდა „ნიუკასლ იუნაიტედთან”, მაგრამ ბოლო 20 წუთში თამაშის სასწაულებრივ მოტრიალება და 3:2-ის მოგება შეძლო. გახარებულმა თუ გადარეულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა შემდეგ BT Sport-ის კამერას ჩახედა და… შეაგინა.
ხსენებული კამერა აღელვებულ მწვრთნელს გვერდით მოსდევდა. „განსაკუთრებულმა” კი, როგორც მერე გაირკვა, ობიექტივს პორტუგალიურად უთხრა: fodas filhos de puta, რაც ქართულად დაახლოებით „გააჯ…ით, თქვე ბ…ის შვილებო”-ს ნიშნავს.
ვის მიუძღვნა მოუმ ეს ტკბილპორტუგალიური? ვითომ, ოპერატორს? BT Sport-ს მთლიანად? ყველა რეპორტიორს, აქაოდა წაგებების გამო კრიტიკას როგორ მიბედავდითო?
ფაქტია, „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი სკანდალური ადამიანია, ხოლო ის, რომ ამ ერთი მოგების გამო მას „ოლდ ტრეფორდიდან” აღარ გააგდებენ მაინც არ არის გადაწყვეტილი. ყოველ შემთხვევაში, მანჩესტერელთა აღმასრულებელ შეფს ედ ვუდვორდს გამარჯვების შემდეგ ცხვირ-პირი ჩამოსტიროდაო, წერენ წყაროები. ეტყობა მოგება ეწყინა, რადგან თუკი „განსაკუთრებულის” გაგდება უნდოდა, ამაზე კარგ მომენტს ვერ შეარჩევდა — სანაკრებო კვირეულის წინ მოუს გაშვებაც მოხერხდებოდა და ახალი მწვრთნელი გუნდთან ცოტა შეგუებასაც მოასწრებდა.
„ნიუკასლთან” გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელებში პორტუგალიელის მხარდამჭერები გააქტიურდნენ. მაგალითად, მოურინიუ გამარჯვებულია, ვუდვორდი კი ლუზერიო, — წერდა მავანი.
პრეს-კონფერენციაზე მანჩესტერელთა თავკაცმა უკვე გინების გარეშე ილაპარაკა: „თამაში ასე ცუდად იმიტომ დავიწყეთ, რომ ფეხბურთელები ნერვიულობდნენ. ეტყობა, იმ ნადირობას ვერ გაუძლეს ჩვენზე რომ ჰქონდათ გამოცხადებული. ჩვენს კართან ყველა შეტევა ფაქტობრივად გოლი იყო. შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდით. ცუდი გადაწყვეტილება ცუდ გადაწყვეტილებას მოსდევდა. ეს იყო ნამდვილი პანიკა.
შესვენებისას კი ჩვენ ვილაპარაკეთ, რის შედეგადაც მეორე ტაიმში ყველამ ცალ-ცალკე და ერთად გამოვასწორეთ თამაში. ეს უკვე სხვა განწყობა იყო, სხვა ფეხბურთი, რომელმაც საბოლოოდ გამარჯვება მოგვიტანა.
ასეთია საკლუბო ცხოვრება. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებებისგან ან დამარცხებებისგან კი არ შევდგებით. მთავარი თავმოყვარეობაა. სწორედ ეს გამოვამჟღავნეთ მეორე ტაიმში”.