კარგი მეკარე ნახევარი გუნდის ტოლფასია. ბევრია დამოკიდებული თანაგუნდელთა იმედსა და ხერხემალზე. ქართველებს არაერთი ჩინებული მეკარე გვყოლია, ამათგან ჩემს თაობას მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი უნახავს მინდორზე. დანარჩენების დიდებაზე მხოლოდ ლეგენდები მოუსმენია.
დღევანდელ ქართულ ფეხბურთში არ არიან მაღალი კლასის მეკარეები. ხშირად გაიგონებდით, ალბათ, ოთარ გაბელიას დონის მეკარე რომ გვყავდეს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს არა გაუჭირდებაო. სწორედ გაბელიაა ის კაცი, რომელიც ქართულ ფეხბურთს ჯერჯერობით უკანასკნელ მოჰიკანად შემორჩა სახელდაგდებულ მეკარეთა შორის.
დღეს ორმაგად ფასდება მისი ნაღვაწი. იმდროინდელ ფეხბურთში გაბელიამ მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. გახდა საბჭოეთის ჩემპიონი, დაეუფლა თასს, იყო 33 საუკეთესოთა შორის და ამ კოლექციას ევროპის თასთა თასის მფლობელობა ასვამდა საბოლოო ბეჭედს.
გაბელიას შესაშური რეაქცია გამოარჩევდა დანარჩენთაგან. იდგა კარის ხაზზე და იგერიებდა ურთულეს ბურთებს. ბევრს თვალში არ მოსდიოდა მისი გადამეტებული ემოციურობა. თითქოს კარში შიშიანად დგასო, მახსოვს ამბობდნენ. მისთვის შიში უცხო იყო. შეუძახებდა თანაგუნდელებს, გამოენთებოდა მოწინააღმდეგის თავდამსხმელებს და მორალურად გატეხდა მათ შემართებას.
იდგა შეუდრეკელი, მისთვის სულერთი იყო, ვინ შეუტევდა. მან ჩინებულად იცოდა რა ეკეთებინა, იცოდა, რომელი გუნდის ღირსებას იცავდა და რა ვალდებულება ჰქონდა იმ ღირსების წინაშე.
ოთარ გაბელია 1979 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიიწვიეს. სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ქართველ მეკარეს ხომ ჩინებული სეზონი ჰქონდა. თბილისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები ეწვია, ბრწყინვალე საფეხბურთო ანსამბლი, ვარსკვლავების კრებული.
საბჭოთა ნაკრების თავკაცებმა სტუმრებს გახუნებული გუნდი დაახვედრეს, კარში კი გაბელია გაამწესეს. ბუნებრივი იყო და ასეც მოხდა, გერმანელებმა მოიგეს. მწვრთნელებმა მარცხი ქართველ მეკარეს დააბრალეს. მას შემდეგ გაბელიასთვის ნაკრების კარი დაიხურა. ძაღლის თავი კი სხვაგან იყო დამარხული. თურმე რინატ დასაევს ნერვებს უშლიდა სრულფასოვანი კონკურენცია. რა აზრი ჰქონდა სპარტაკელის კონკურენტი ქართველი იყო, თუ უკრაინელი. მთავარი დასაევის მშვიდად ყოფნა ყოფილა.
გაბელიას აღიარებას ნაკრებში თამაში სულაც არ სჭირდებოდა. ხალხმა ის უამისოდ შეიყვარა. ნაკრების გარეშეც პატივს სცემდნენ მის ოსტატობას. გაბელიას ბრწყინვალებაზე მისი ტიტულებიც მეტყველებდა. მეტის მიღწევა იმ პერიოდში წარმოუდგენელი იქნებოდა.
ბევრი მომენტი შემიძლია გავიხსენო მისი კარიერიდან, მაგრამ ის ერთი არასოდეს დამავიწყდება. საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ორი „დინამო“ გავიდა — მოსკოველი თანაკლუბელები ქართველების წინააღმდეგ. იმ ფინალს სოჭში ვუყურე. მშობლებს ვახლდი ექსკურსიაზე. თამაში იწყებოდა, ავტობუსიდან პირდაპირ ერთ-ერთ რუსულ ოჯახს მივადექით 35 ქართველი. მასპინძელს ტელევიზორი ეზოში გამოეტანა, თხოვნაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ თამაშის განმავლობაში ჩვენი დამოძღვრაც არ დავიწყებია:
— იცით, ძლიერი გუნდია მოსკოვის „დინამო”. ალბათ მოუგებენ თქვენებს.
ჩვენ ტუჩებს ვიკვნეტდით და ეკრანს თვალს ვერ ვაცილებდით.
დაძაბულობამ კულმინაციას უწია. თერთმეტმეტრიანების სერია. ბოლო დარტყმა. ბურთს მუხლებაკანკალებული ვალერი გაზაევი ასწორებს, გაბელია კი, თითქოს მიწას შეეზარდაო, გაქვავებული დგას. გაზაევის გამორბენი და… დღესაც თვალწინ მიდგას გაბელიას თავგანწირული ნახტომი, ქართველმა მეკარემ ბურთი მოიგერია.
— ქართველებმა მოიგეს, არ ველოდი, — თქვა გულდაწყვეტილმა მასპინძელმა, მაგრამ მის სიტყვებს უკვე არავინ აქცევდა ყურადღებას. უზომოდ ბედნიერი 35 ქართველი, ქალიც და კაციც, ხარობდა ძირძველ ქართულ მიწაზე, ოღონდ უცხოტომელის ოჯახში.
იმ მატჩის გმირი ოთარ გაბელია იყო. იმ დღიდან ბევრი ქართველის კერპი შეიქნა. მისდამი პატივისცემა გაორმაგდა, ჩემი თაობისთვის კი ოთარ გაბელია დღესაც საუკეთესო ქართველი მეკარეა.
ოთხმოციანი წლების „დინამომ” კიდევ ერთი, დღემდე განუმეორებელი სიხარული აჩუქა ქართველ გულშემატკივარს. თასების თასმა თბილისშიც იპოვნა ნავთსაყუდელი და სხვებთან ერთად იმ გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი ოთარ გაბელიაც იყო.
მერე აირია „დინამოში” მონასტერი. იმ დღიდან უკან წავიდა ქართული ფეხბურთის საქმეც. გუნდში თაობათა ცვლის პროცესიც გაიწელა. გაბელია კი „დინამოდან” ქუთაისის „ტორპედოში” აღმოჩნდა.
სწორედ იმ დღიდან დაიწყო კრიზისიც. გაბელიას შეცვლა ვერავინ შეძლო. რამდენმა მეკარემ მოსინჯა ძალა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მისებრ საიმედოდ კარში ვერავინ ჩადგა.
დააბრუნეს ოთარ გაბელია „დინამოში” და მდგომარეობაც გამოსწორდა. ჩვეული მანერა, შეშინებული თავდამსხმელი და უკუგდებული დარტყმები.
…ის ერთი ჩეულებრივი მატჩი იყო. ამჯერად თბილისს დონეცკის „შახტიორი“ ეწვია. „დინამო“ 1:0-ს იგებდა, ბოლო წუთზე კი მსაჯმა ჩვენს კარში პენალტი დანიშნა. ნაცნობი სურათი. ბურთთან დონეცკელთა კაპიტანი სოკოლოვსკი მივიდა, კარში გაბელიაა. მან მორიგი დუელი მოიგო, გამარჯვებაც თავისებურად, ემოციურად გამოხატა. ქართველების „მტერ-მოყვარე“ კომენტატორმა კულტურულად გამოგვლანძღა რუსულ ტელევიზიაში. ვლადიმირ მასლაჩენკოს სჩვეოდა ამგვარი გამოხდომები. მერე ნიკოლაი ოზეროვმა მოგვიბოდიშა, გაამართლა გაბელია, მაგრამ ქართველი მეკარის კირკიტი არასდროს ავიწყდებოდათ.
თუნდაც ხარკოვის სკანდალური მატჩი ავიღოთ. გაგიჟებულ მეკარეს მაშინ მართლა შეეშალა, მოინანია, დაისაჯა კიდეც, მაგრამ იმ ინციდენტს, ფეტორეპორტიორის დაფშვნილ კამერას მერეც არაერთხელ ახსენებდნენ.
გავიდა წლები და ოთარ გაბელიამ თამაშს უკლო. მოსალოდნელიც იყო, იგი ხომ უკონკურენციო იყო წლების განმავლობაში. მწვრთნელებმა თადარიგი დაიჭირეს, გაბელიას შემცვლელად იმ დროის იაროსლავლის „შინიკში“ მობურთალი ზაურ ხაპოვი შეიგულეს. მეკარე თბილისს ჩამოვიდა და გაბელიას საფეხბურთო კარიერაც ბევრმა დამთავრებულად ჩათვალა, მაგრამ მოხდა საოცრება და იგი დიდებულად ათამაშდა.
მაშინ ზაურ ხაპოვი პირველ მეკარედ იყო ჩამოყვანილი, მაგრამ თავადაც კარგად ხედავდა, რომ ძირითადიდან გაბელიას ამოგდება იმწუთას მის ძალას აღემატებოდა. ხაპოვი გაგებით მოეკიდა „დინამოს“ მწვრთნელების ახსნა-განმარტებას.
— ზაურ, რა ვქნათ, ოთარი ისე თამაშობს, თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნაო. მას რომ ვუყურებთ, ჩვეული გაბელია გვახსენდება. მოცდა მოგიწევს, ნუ გაბრაზდები. ჯერაც ახალგაზრდა ხარ და შენი დროც მოვა.
ეს სიტყვები საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცს ვლადიმერ გუცაევს ეკუთვნის. იმ დროს იგი დავით ყიფიანთან ერთად „დინამოს“ ჭირ-ვარამზე ფიქრობდა.
ნახსენებ დიალოგს ხაპოვი ხუთიოდე წლის მერე გაიხსენებს, მაშინ, როდესაც საბჭოეთის ჩემპიონატი ბევრს უკვე აღარც ემახსოვრება.
ოთარ გაბელიამ იცოდა დროულად წასვლის ფასი. მოსაგები უკვე მოგებული იყო, მეტსაც ვერაფერს შემატებდა მონაგარს, ასაკსაც თავისი მიაქვს.
— მე წავედი. უმჯობესია ახალგაზრდებმა ითამაშონ. ჩემი დარჩენა მათ გაზრდას ხელს შეუშლის. საერთო საქმისთვისაც ასე უკეთესია.
ამის შემდეგ გაბელია ოფიციალურ მატჩებში აღარ გვიხილავს. იგი წავიდა ფეხბურთიდან, რათა ფეხბურთში დარჩენილიყო. დღესაც მას ემსახურება უანგაროდ. ისეთივე ემოციურია, როგორიც გვახსოვს. ისევ ძველებურად უყვართ გულშემატკივრებს. ისევ ისეთი პირდაპირი და მოურიდებელია, სათქმელს ისე ამბობს, როგორც ფიქრობს. გამოცდილებას კი ახალგაზრდობას უზიარებს.
ოთარ გაბელიას ფეხბურთიდან ტრიუმფალური გაცილება არ ღირსებია. არადა, ეკუთვნოდა. ფეხბურთიდან ხალხის სიყვარული, მოპოვებული ჯილდოები და აღიარების ნიშნად ნაჩუქარი „გაზ-24“ დარჩა. ბატონი ოთარი ახლაც ამ ავტომანქანით დადის.
საქართველოში კი ფეხბურთის თავდადებული ქომაგები და სპეციალისტები კიდევ არაერთხელ დაიჩივლებენ, დღეს ოთარ გაბელიას დარი მეკარე რომ მოგვცა, ჩვენს ნაკრებს არაფერი გაუჭირდებოდაო.
ოთარ გაბელიას საბჭოთა ნაკრებში მხოლოდ ერთ, ისიც ამხანაგურ მატჩში უთამაშია, მაგრამ ამით მისი კარიერა სულაც არ დაჩრდილულა. აღიარება მას ქართულ გუნდში გარჯამ მოუტანა. ნაკრებში უთამაშებლობაც არ უნაღვლია დიდად. გაბელიასთვის მთავარი ქართველი ქომაგის ტაში და დაფასება იყო. ეს კი, სადაც უნდა ყოფილიყო, თან სდევდა. ალბათ, ფეხბურთელისთვის ამაზე მეტი ჯილდოც არ არსებობს.
11.03.1999