სპორტულმა ფსიქოლოგმა და მენტალიტეტის მწვრთნელმა დონ მაკფერსონმა ცხოვრების განმავლობაში ბევრი დიდი სპორტსმენი შეისწავლა და მათი წარმატების საიდუმლოს ამოხსნა სცადა. მისი ბოლო ნაშრომი „ბარსელონას” არგენტინელ ლიდერს, ლეო მესის ეხება. მსოფლიოს ხუთგზის  საუკეთესო ფეხბურთელზე დაკვირვებამ მაკფერსონი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მისი მთავარი თვისება თავმდაბლობაა. მესი არასდროს ფიქრობს, რომ მწვერვალზეა და მეტის მიღწევა აღარ შეუძლია. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ბარსელონელი ამდენი წლის განმავლობაში თამაშობს დიდებულად და 31 წლის ასაკშიც შეუდარებელია.

„ქვეყნად არცთუ ისე ბევრი სპორტსმენია, რომელთაც ამდენი ხნის განმავლობაში შეუძლიათ მწვერვალზე გაჩერება, — ამბობს დონ მაკფერსონი, — უმეტესობა საუკეთესო ფორმის მიღწევის შემდეგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ვარდნას განიცდის. მესი კი გამონაკლისია.

მთავარი ფაქტორი მისი თავმდაბლობაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი აზრით ჯერ კიდევ შეიძლება გაუმჯობესება.

ხალხი მესის სრულყოფილ ფეხბურთელს უწოდებს, მაგრამ სრულყოფილება თავისებური ფენომენია. ადრე, ფორმულა 1-ის ერთ პილოტთან ვმუშაობდი. ერთხელ, ერთ საკვალიფიკაციო რბოლაში მან იდეალურად გაიარა მარშრუტი. გახარებულს მინოდა ის გამემხნევებინა და ვუთხარი, ყოჩაღ, რაც ახლა გააკეთე სრულყოფილება იყო, მეთქი. მან კი პასუხად ცივი წყალი გადამასხა. მითხრა, რომ მარშრუტის იდეალურად გავლა შეუძლებელია, რადგან ყოველთვის არის რაღაც, რაც შეიძლებოდა უკეთესად გაგეკეთებინა.

ასეთი ხალხის უპირატესობაც სწორედ ეს არის. ისინი სხვებს გაცილებით სჯობიან, მაგრამ მაინც სწყურიათ თავიანთი ოსტატობის გაუმჯობესება. მათ მეტის მიღწევის ჟინი აქვთ და საამისოდ ენერგიასაც პოულობენ.

აირტონ სენა

ცხოვრების მანძილზე ბევრი დიდი სპორტსმენი მინახავს, რომელთაც გაუმჯობესებისკენ ლტოლვა არ ჰქონიათ. ასეთი იყო, მაგალითად ჯორჯ ბესტი. საბოლოოდ, ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული.

მესი თავმდაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამპარტავანი არ არის და მართალია მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, მაინც თავისი ოსტატობის გაუმჯობესებაზე ფიქრობს.

სრულყოფისადმი ასეთივე დამოკიდებულება აქვს კრიშტიანუ რონალდუსაც, მაგრამ ასაკში მესის ემოციების კონტროლი უკეთ შეუძლია. მაგალითად, ის არასდროს ბრაზდება, როდესაც თანაგუნდელები მოედანზე ცდებიან. როდესაც ტრავმირებულია, არ ღიზიანდება, მშვიდად ელოდება გამოჯანმრთელებას.

კიდევ, მესის დიდი პლიუსი ვიზუალიზაციაა. ის მოვლენებს სხვა ფეხბურთელებზე ნანოწამით ადრე ხედავს. აგრეთვე, მესი მშვიდად თამაშობს.

მესიმ გონება განივითარა. ის წინასწარ ხედავს პასს, შემდეგ სვლას.

აირტონ სენა ამბობდა, ჩემი გონება ისეა განვითარებული, რომ სანამ სხეული კონკრეტულ მოსახვევს უმკლავდება, აზრი უკვე შემდეგ მონაკვეთს ამუშავებსო. მესიც ზუსტად ასეა საფეხბურთო მოედანზე.

მსოფლიოში საუკეთესოდ არავინ იბადება. არსებობს ასეთი იაპონური სიტყვა „კაიზენ”, რაც ცხოვრების ისეთ გზას ნიშნავს, რომელიც ადამიანისგან მუდმივ განვითარებას მოითხოვს.

მესი ამ გზას ადგას. ამავე გზას ადგა მიხაელ შუმახერიც. საღამოობით, როდესაც სხვა პილოტები შინ მიდიოდნენ, ის ფარეხში რჩებოდა და მექანიკოსებს სხვადასხვა დეტალის დახვეწაში ეხმარებოდა”.