„მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგაში „ვალენსიასთან” 0:0 ითამაშა — სხვა სიტყვებით, ჟოზე მოურინიუს შეგირდებმა ყველა შეჯიბრებაში ერთად ზედიზედ ოთხი შეხვედრა ვერ მოიგეს. თუ ისინი ხვალ, 6 ოქტომბერს, შინ „ნიუკასლ იუნაიტედსაც” ვერ აჯობებენ, გამოვა, რომ ეს იქნება სეზონის უარესი სტარტი „ოლდ ტრეფორდზე” 1989-90 წლების სეზონის შემდეგ.
დღეს დილით ჟოზე მოურინიუს ტურის წინა პრესკონფერენცია ჰქონდა, რომელიც სულ 3 წუთსა და 30 წამს გაგრძელდა. მას ექვსად ექვსი კითხვა დაუსვეს. აშკარაა, რომ „ნიუკასლის” ვერ-მოგების შემთხვევაში კლუბში პორტუგალიელის პოზიციები გაუარესდება.
ზემოთ ვახსენეთ, რომ 1989-90 წლების სეზონის მერე „მანჩესტერ იუნაიტედს” „ოლდ ტრეფორდზე” ზედიზედ ხუთი მოუგებელი თამაში არ ჰქონია. რაც შეეხება ზედიზედ ხუთ ხელის მოცარვას როგორც შინ ასევე გარეთ, 1999 წლის შემდეგ ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მოხდა, ლუის ვან გაალის ხელში.
პრემიერლიგის ცხრილში „მანჩესტერ იუნაიტედი” დღეს „ჰადერსფილდთან” უფრო ახლოსაა, ვიდრე „მანჩესტერ სიტისთან”.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა გულშემატკივარს დარწმუნებული იყოს, რომ მოურინიუ გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებს, პორტუგალიელმა პასუხი არ გასცა. სადღაც სივცეში იყურებოდა.
შემდეგი კითხვის პასუხად კი „განსაკუთრებულმა” ბრძანა: „ახლა ოქტომბრის დასაწყისია. ჩვენ გაფაციცებით ვიყურებით ევროპული ლიგების ცხრილებში, მაგრამ მერწმუნეთ, რამდენიმე თვის შემდეგ იქ სულ სხვა სურათს დავინახავთ. მითუმეტეს სხვა სურათი გვექნება სეზონის ბოლოს.
დიახ, ჩვენ შეგვიძლია გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიყოთ. ამისათვის ქულების დაგროვებაა საჭირო. განსაკუთრებით ბოლო ორ ტურში დაკარგული ქულები დაგვაკლდა — ექვსი შესაძლებლიდან მხოლოდ ერთი მოვიპოვეთ. ამიტომაც, კარგად ვიცით, რომ „ნიუკასლთან” გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია”.
ცუდი სტარტის მიუხედავად მოურინიუმ სცადა შექმნილ მდგომარეობაში მაინც დადებითი დაენახა.
„ამ სეზონში შინ მხოლოდ ერთხელ წავაგეთ. ბოლო შვიდ თამაშში ერთადერთხელ დავმარცხდით, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოლო სამ შეხვედრაში ვერც გავიმარჯვეთ. სამი ფრე იმას ნიშნავს, რომ მარცხის სიმწარე არ განგვიცდია, მაგრამ არც გამარჯვების სიხარული გვიგემია. ამიტომაც არის შაბათის შეხვედრა აუცილებლად მოსაგები”.
შემდეგ ჟოზე მოურინიუმ ხვალინდელი მეტოქის მწვრთნელი რაფა ბენიტესი შეაქო. მის გუნდებს ლიდერებთან და ძლიერ გუნდებთან მუდამ კარგი შედეგები აქვსო.