„მანჩესტერ იუნაიტედიდან” გამოსული ბოლო ცნობა ის არის, რომ ჟოზე მოურინიუს მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემთხვევაში, კლუბის ვიცე-თავმჯდომარე ანუ აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი მთავარ კანდიდატად „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაც მაურისიო პოჩეტინიოს განიხილავს. როგორც გახსოვთ, აქამდე მთავარ კანდიდატად ზინედინ ზიდანს ასახელებდნენ, ახლა კი პოჩეტინიოზე დაიწყეს ლაპარაკი.

მთავარი სიახლეც სწორედ ეს არის.

მიზეზი: თურმე ვუდვორდი ფიქრობს, რომ ზიდანს „რეალში” სხვა გარემო ჰქონდა, „მანჩესტერ იუნაიტედის” გარემოსგან გვარიანად განსხვავებული. ამიტომ ჯობს, ინგლისურ ფეხბურთში ჭიპმოჭრილი არგენტინელი მოვიყვანოთო, უთქვამს „იუნაიტედის” მთავარ მოჩალიჩეს.

რატომღაც, ამ ცნობის გამავრცელებლები არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ზიდანი „რეალიდან” წასვლის შემდეგ უმუშევარია. სხვა სიტყვებით, „მანჩესტერ იუნაიტედს” მასთან კონტრაქტის გაფორმებისთვის რამდენიმე თაბახის ფურცლისა და მელნის მეტი არაფერი დაეხარჯება, პოჩეტინიოს „ტოტენჰემისთვის” წართმევას კი ძალიან ბევრი მილიონი დასჭირდება.

ამასობაში კი „მანჩესტერ იუნაიტედი” ჟოზე მოურინიუს ხელში უხეიროდ გამოსვლას განაგრძობს. სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ კლუბს სეზონი ასე ცუდად ბოლო 29 წლის განმავლობაში არ დაუწყია.