ჩილელმა არტურო ვიდალმა „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ბარსელონას” შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. „ბლაუგრანას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ის მოედანზე მხოლოდ ბოლო სამი წუთით შეიყვანა, რის გამოც, მატჩის დამთავრების შემდეგ ვიდალმა თავის ინსტაგრამზე გაბრაზებული „ემოჯი” გამოაქვეყნა.
კაცმა რომ თქვას, 31 წლის ნახევარმცველმა მარტო გაბრაზებული სახე დადო, სიტყვებით არაფერი მიუწერია, ასე რომ მას ან ნებისმიერ სხვა ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ეს სულაც არ იყო პროტესტი მხოლოდ სამი წუთით თამაშის წინააღმდეგ. თეორიულად, ეს შესაძლოა ყოფილიყო პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება, ბრძოლა გარემოს დაცვისთვის და უამრავი სხვა რამ, მაგრამ საეჭვოა ვიდალს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დამთავრებიდან სულ ცოტა ხანში პოლიტიკაზე ან ეკოლოგიაზე ეფიქრა. მითუფრო, რომ „ბარსელონამ” ლეო მესის დიდი დამსახურებით ლონდონში 4:2 მოიგო ანუ ბარსელონელებს შედეგით უკმაყოფილების საბაბი არ უნდა ჰქონოდათ.
ადგილი „ბარსას” სასტარტო შემადგენლობაში ვიდალის ნაცვლად 22 წლის ბრაზილიელ არტურს ხვდა. არტური, იგივე არტურ მელო „ბარსელონაში” „გრემიოდან” გადავიდა. ლა ლიგის ჩემპიონმა მასში 31 მილიონი ევრო გადაიხადა. კონტრაქტის თანახმად, გარკვეული პირობების შემთხვევაში „ბარსას” შეიძლება კიდევ 9 მილიონის დამატება დასჭირდეს.