თემა ასეთია: კვლავაც ითამაშებს ლეო მესი არგენტინის ეროვნულ გუნდში თუ მისი სანაკრებო კარიერა რუსეთში დამთავრდა?

დიეგო მარადონას ამ საკითხზე თავისი აზრი აქვს. მას მიაჩნია, რომ მესიმ „ალბისელესტეს” მაისური აღარ უნდა ჩაიცვას და თავის მისაზრებას ასე ასაბუთებს:

„მესის რას ვურჩევდი? გადადგომას. წავიდეს და ნაკრებში აღარასოდეს დაბრუნდეს. აბა, ისე დახეთ რა ხდება: 15 წლამდელები წააგებენ — მესის ბრალია; არგენტინის ჩემპიონატში კენჭისყრა „რასინგს” „ბოკასთან” შეახვედრებს — მესია დამნაშავე; ყველაფერი მესის გამოა. ჰოდა, მე ლეოს ასე ვეტყოდი: აღარ ჩამოხვიდე, ძმაო ნაკრებში. შევხედოთ ერთი, უშენოდ რისი თავი აქვთ. ვნახოთ, მართლა ისეთი მაგრები არიან, როგორც ამბობენ, თუ არა. ნეტავ მესი ადგებოდეს და ყველას გაგვიშვებდეს ერთ ადგილას. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ რომ მსოფლიოს ჩემპიონები ვერ გავხდით, მისი ბრალი არ არის. ჩვენ მასზე არანორმალურად დიდი იმედები დავამყარეთ და ისე მოგვივიდა, დოღზე რომ მიხვალ, ფავორიტ ცხენზე დადებ, ის კი მერვე ადგილზე გავა”.

ამასობაში კი არგენტინის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს მესის გარეშე ატარებს. „ალბისელესტეს” დროებითი თავკაცი ლიონელ სკალონი „ბარსელონას” ლიდერს ელაპარაკა, მაგრამ მას მთავარ კითხვაზე, დაუბრუნდება თუ არა ეროვნულ გუნდს, ჯერ არ გაუცია პასუხი.

„მესის დაახლოებით 10 დღის წინ ველაპარაკე. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ჯერჯერობით მას ნაკრებში არ გამოვიძახებთ. სამომავლო გეგმებზე კი არაფერი გვითქვამს. მხოლოდ გუნდის თამაში გავარჩიეთ. გულწრფელად გეუბნებით, ლეო ყველაფერს ამჩნევს. მეტი კი არაფერი ვიცი. პირადად მე ექვს თამაშზე მეტი არ დამიგეგმავს და მეტზე არც ვფიქრობ”.