4 ოქტომბერს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში აზერბაიჯანული „ყარაბახი“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლებს. შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს ლონდონელთა სომეხი ლეგიონერი გენრიხ მხითარიანი. მიზეზად ფეხბურთელის უსაფრთხოება დასახელდა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მრავალწლიანი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების გამო სომხეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანში შესვლა აკრძალული აქვთ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, 2015 წელს მხითარიანი დორტმუნდის „ბორუსიას“ ღირსებას იცავდა და გერმანელებს „გაბალასთან“ გასვლითი მატჩი ჰქონდათ იმავე ევროპის ლიგაში.
აზერბაიჯანის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, დაუბრკოლებლად გაეცა ვიზა სომეხ ფეხბურთელზე, თუმცა მხითარიანმა მაშინ პირადი უსაფრთხოება მოიმიზეზა და გერმანიაში დარჩა.