ინგლისური მას-მედია წერს, რომ ანტონიო ვალენსია იმ ფეხბურთელთა რიცხვს შეემატა, რომელსაც მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან ურთიერთობა დაეძაბა. „განსაკუთრებული” კაპიტანს იმიტომ შემოსწყრომია, რომ 33 წლის ეკვადორელი „კარაბაოს თასზე” „დერბისთან” შეხვედრას საერთოდ არ დასწრებია. მოგეხსენებათ, „იუნაიტედი” „დერბისთან” ყველასთვის მოულოდნელად დამარცხდა.

პოლ პოგბა

მას-მედია წერს, რომ ახლა მოურინიუ ვალენსიას ფაქტობრივად აღარ ელაპარაკება.

ვალენსია თამაშის განაცხადში არ იყო შეყვანილი, მაგრამ მოურინიუს მიაჩნია, რომ თუკი კაპიტანი გქვია, ბიჭებს მხარში უნდა ედგე და ტრიბუნიდან მაინც უგულშემატკივრო.

შეგახსენებთ, რომ ვალენსიასთან გაბუტვამდე ცოტა ხნით ადრე პორტუგალიელმა პოლ პოგბას ჩამოართვა ვიცე-კაპიტნობა. მოურინიუსა და პოგბას ურთიერთობა კი განსაკუთრებული თემაა. ფრანგმა მსოფლიოს ჩემპიონმა თანაგუნდელებს უთხრა, რომ მწვრთნელთან კოფლიქტითა და კამათით თავს აღარავის მოაბეზრებს, უბრალოდ, თუ „მოუ” იანვარში კვლავ გუნდის სათავეში იდგება, ის სხვა კლუბში გადავა.

პოლ პოგბას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოურინიუს ტაქტიკური სქემაა, რომელსაც ფრანგი ვერაფრით ერგება.

და კიდევ ერთი ცნობა „მანჩესტერ იუნაიტედის” ბანაკიდან: ჟოზე მოურინიუმ ალექსის სანჩესსაც შეუღრინა. იცოდე, სანამ კარგად არ ათამაშდები ძირითად შემადგენლობას არ გაღირსებო.

საინტერესოა, რომ როდესაც მოურინიუს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ ფიქრობს, გაუშვებენ თუ არა თავად მას სამსახურიდან, „პორტუს”, „ჩელსის” „რეალის”, და „ინტერის” ყოფილმა თავკაცმა უპასუხა:

„არა მგონია. ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ მდგომარეობის გამოსწორებაა, ეს კი ჩემს კარგ მუშაობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება სანჩესსა და ვალენსიას, გეტყვით, რომ ზოგ ფეხბურთელს გუნდის ამბები გულთან უფრო ახლოს მიაქვს, ვიდრე სხვას. მე პირადად გულის სიღრმეში ისევ ის ბიჭი ვარ 20 წლის წინ რომ ვიყავი, კვლავ ისეთი გულუბრყვილო ვარ, ახალგაზრდობაში რომ გახლდით, მაგრამ იმას, რომ ფეხბურთელი შეიძლება პატიოსანი არ იყოს, მაინც ვერ ვიჯერებ”.