ფრენბურთის ჯანსაღად ერთფეროვანი სპორტია. მთელი თვე უმაღლეს დონეზე ერთი და იგივე მოძრაობების კეთება რომ გიწევს (მიღება, აგდება, დაბათქუნება), ხამს გადაიწვა, ამიტომ ფრენბურთელებს სხვა ჯურის მობურთავეებზე მეტადაც კი სჭირდებათ ჯეროვანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნა. იტალიასა და ბულგარეთში დასრულებული ვაჟთა მსოფლიო პირველობის მონაწილეთაგან ჩავარდნებს და აღზევებებს ვერცერთი ნაკრები გადაურჩა, ჩემპიონი კი გახდა იგი, ვინც გადამწყვეტ მომეტში ტალღის თავზე წამოსკუპება და ბოლო გარღვევის დაგვირგვინება მოახერხა – პოლონეთი – გუნდი, რომელმაც ზედიზედ მეორე მსოფლიო პირველობა მოიგო და დაამტკიცა, რომ 2014 წლის ტრიუმფი არა მხოლოდ შინაური კედლების ზანზარზე, არამედ მოთამაშეთა კლასზეც ყოფილა დამყარებული.

პირველ და მეორე ჯგუფურ ეტაპებზე ქვას ქვაზე არ ტოვებდა აშშ-ს ნაკრები (რვავე თამაში მოიგო), წაიფორხილა მესამე ეტაპზე და ნახევარფინალს პოლონეთთან 2:1-ზე რომ იგებდა, იქ დაეშრიტა ენერგია. წინსვლის ინერცია იანკებს მხოლოდ მესამე ადგილამდე მისაღწევად ეყოთ. რუსების სასტარტო სუსტი თამაში თითქოს იტალიასთან გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჩვენი მეზობლები მესამე რაუნდში ბრაზილიისა და აშშ-ს ჯგუფში მოხვედრამ გადატეხა წელში. მასპინძლობით და კლასით ყოყოჩობდა ჯგუფურ ეტაპებზე იტალიის ნაკრები, მაგრამ მესამე ჯგუფური რაუნდის გადამწყვეტი მატჩი სერბეთთან ისე ადვილად დათმო, “ჭე-კლასის” გუნდს არ შეფერებოდა. იმავ სერბებმა ნახევარფინალში ვერაფერი დაუპირისპირეს ბრაზილიას და თვით ბრაზილიაც ფინალამდე მივიდა სულ ერთადერთი წაგებით. იქ კი აღმოჩნდა, რომ პოლონეთს მეტი ფიზიკური და სულიერი ძალები შერჩენოდა. დასკვნითი თამაშის ბოლომდე პოლონელები დომინირებდნენ. 2:0 წინგავარდნის შემდეგ სლავებმა ყოჩაღად გაუძლეს მესამე პარტიაში სამხრეთამერიკელთა მოწოლას და სუფთა მოგებით დაასრულეს მსოფლიო ჩემპიონატი.

მწვრთნელის ფაქტორიც თვალსაჩინოა: ბელგიელმა ვიტალ ჰაინენმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მანამდე და შემდეგაც დიდი ვერაფრის მოქმედი გერმანიიის ნაკრები ბრინჯაოს მედალოსნად აქცია, ახლა კი თავისი კარიერის უდიდეს ჯილდოსაც შესწვდა. ალალია მასზეც და პოლონეთის ნაკრებზეც.

მომენტი: პოლონეთი ეს წამია მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფოტო: italy-bulgaria2018.fivb.com
წილი
წინა სტატიაარ გამწუწოთ, პუტინი ვარ!
შემდეგი სტატიაჯანო, საანდორო და სარიგო
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია