„ბაიერნმა” „ჰერტასთან” ბერლინში 0:2 წააგო. რეკორდმაისტერმა პირველი გოლი პენალტით გაუშვა — ჯერომ ბოატენგი სრულიად უაზროდ გასრიალდა და ნაცვლად იმისა, რომ მეკარის მოგერიებული ბურთისთვის ხაზს იქით წყნარად გადასვლის საშუალება მიეცა, მეტოქე წააქცია.
ბოატენგის შეცდომას კრიტიკით გამოეხმაურა გერმანული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, ტელეექსპერტი, 51 წლის მათიას ზამერი. „ევროსპორტის” კომენტარში მან თქვა:
„ჯერომ ბოატენგი უნდა გაჩერებულიყო. ის ჭარბი მოტივაციით იყო აღგზნებული და უგუნურად მოიქცა. რაც მან ხსენებულ ეპიზოდში გააკეთა, სრულიად ზედმეტი იყო”.
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ბაიერნის” მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა კი ჟურნალისტებს ასე უთხრა: „თქვენ ბოლო ორი თამაშით მსჯელობთ („აუგსბურგთან” 1:1 და „ჰერტასთან” 0:2), მე კი ამ სეზონში ჩატარებული ცხრავე მატჩი ვნახე და მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ მეცხრეში დამარცხება სულაც არ არის ცუდი შედეგი. თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ ჩვენ სხვა მიზნები გვაქვს”.
23 წლის ჯოშუა კიმიხმა კი მწვრთნელისგან განსხვავებით შეშფოთება გამოთქვა — გუნდი აგერ უკვე მეორე თამაშია ვეღარ იგებს.
„არა მგონია უიღბლობის ბრალი იყოს, — თქვა კიმიხმა, — ყველაფრის თავიდან დამუშავება გვჭირდება, რადგან ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დაცვაშიც ვცდებოდით. ასეთი რამ მაღალი კლასის გუნდს არ უნდა მოსდიოდეს”.