მაღალფარდოვანი გახსნის ცერემონიალის შემდეგ ბათუმში, ჭადრაკის ოლიმპიადაზე ცხარე საჭადრაკო ბატალიები გაჩაღდა. მასპინძლის სტატუსმა საქართველოს ოლიმპიაზე ვაჟთა და ქალთა სამ-სამი ნაკრების გაყვანის უფლება მისცა და მათგან მეორე ტურში საქართველოს ვაჟთა მესამე ნაკრების აშშ-ს გუნდთან გმირული შერკინება უნდა გამოირჩეს. უამრავი ქებული დიდოსტატისა და პოლიტიკური ფიგურის, სხვა, წარსულში თუ დღეს ცნობილი ადამიანის ბათუმში ყოფნის მიუხედავად, ოლიმპიადის ყველაზე წონიან ფიგურას (თუკი ფიდეს რეიტინგებს კილოგრამებში გარდავსახავთ), მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი, იტალოამერიკელი ფაბიანო კარუანა წარმოადგენს, რომელიც აშშ-ს ფავორიტი ნაკრების პირველ დაფას წარმოადგენს. ნახსენებ მეორე ტურში სწორედ ამერიკელებს წინ აღუდგა საქართველოს ვაჟთა მესამე ნაკრები და კარუანაზე 356 (!) რეიტინგული ქულით ნაკლების მქონე ნოე თუთისანმა ცხარე ბრძოლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტს ქულა გაუყო, მთლიანად კი ქართველებმა გიგანტ-მეტოქეს მატჩი მხოლოდ მინიმალური სხვაობით დაუთმეს.

სხვათა შორის, გასული 5 ტურის დანარჩენი მატჩები საქართველოს ვაჟთა მესამე ნაკრებმა მოიგო და სატურნირო ცხრილში მასზე სტატუსით მაღლა მდგომ პირველ და მეორე ნაკრებებს ჯერჯერობით უსწრებს. ამ უკანასკნელებს, სამ მოგებასთან ერთად, თითო ფრემ და თითო წაგებამ ერთობ შეუშალა ხელი, მაგრამ ოლიმპიადის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის.

ქალები უკეთ გამოიყურებიან. იმ ექვსი ნაკრებიდან, რომელიც 4 მოგებით და ერთი ფრეთი, ცხრილის თავში უდანაკარგოდ წამოსკუპებულ აშშ-ს ნაკრებს კუდში მისდევს, ორი ქართულია (მეორე და პირველი ნაკრებები). ვაჟთაგან შეუფერხებლად, ანუ ხუთ-ხუთი მოგებით წინ ოთხი ნაკრები მიიწევს: აზერბაიჯანი, ჩეხეთი, პოლონეთი და უკრაინა.

დიდოსტატები ნანა იოსელიანი და გია გიორგაძე ოლიმპიადის ორგანიზაციულ მსვლობას უნარიანად უძღვებიან
წილი
წინა სტატიადუბლები და დუბლები
შემდეგი სტატიაარგენტინა გამოძახებულია
ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.