როგორც ჩანს ჟოზე მოურინიუს თავს საავდრო ღრუბელი გროვდება — პოლ პოგბასთან გაუთავებელი, გამწვავებული კონფლიქტისა და  „კარაბაოს თასზე” „დერბისთან” სენსაციურ წაგებას მოყოლებულ პრესკონფერენციაზე ფილ ჯონსსა და ერიკ ბეილიზე დაცინვით ლაპარაკის შემდეგ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ პორტუგალიელი სამსახურიდან გაუშვან. დღე ისე არ გავა ინგლისურმა საიტებმა თუ გამოცემებმა „მანჩესტერ იუნაიტედის” თემას რამდენიმე ცნობა არ მიუძღვნან. ეწერა ისიც, რომ მოურინიუს გამო გუნდი დაპირისპირებულ ბანაკებად დაიყო: ნაწილი პოგბას უჭერს მხარს, ნაწილი კი მწვრთნელს.

და ამასობაში „სანმა” გაავრცელა ცნობა, რომ „რეალის” ყოფილ თავკაცს, წარსულში ლეგენდარულ ფეხბურთელს, 46 წლის ზინედინ ზიდანს (რომელიც ერთი ხნის წინ მეუღლესთან ვერონიკთან ერთად ლონდონში ისვენებდა) ძალიან სურს „მანჩესტერ იუნაიტედის” სათავეში ჩადგომა. გაზეთმა შეიტყო, რომ ფრანგმა ინგლისურის გაკვეთილებზეც კი დაიწყო სიარული.

ინგლისელი ჟურნალისტები წერენ, რომ ზიდანმა ბოლოხანს რამდენიმე კარგ შემოთავაზებაზე თქვა უარი, რაც მათი აზრით მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” მოურინიუს გაშვებას ელოდება. მოგეხსენებათ, „რეალში” გატარებული ორწელიწადნახევრის შემდეგ ზიზუ ისვენებს.

ორწელიწადნახევრის წინ კი ზიდანმა „რეალის” თავკაცის თანამდებობაზე რაფა ბენიტესი შეცვალა და ურთიერთობები დაალაგა გუნდში, სადაც დიდი ეგოები იყვნენ თავმოყრილნი და თავიანთ შესაძლებლობებზე გაცილებით ცუდად თამაშობდნენ.

მადრიდელთა თავკაცის რანგში ზინედინ ზიდანი გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის სუპერთასი, სამჯერ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი, ორჯერ მოიგო ევროპის სუპერთასი და ორჯერაც კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„მანჩესტერ იუნაიტედში” მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ ახალი ამბების ლოდინი წესით დიდხანს არ უნდა დაგვჭირდეს.