ლოკომოტივმა დილას ზუკა დავითაშვილის დუბლით აჯობა

ეროვნული ლიგის გასულ ტურს ლიდერთა ჯგუფში ცვლილებები არ მოუხდენია. ჩემპიონობის მაძიებელმა ორივე გუნდმა („დინამო“ და „საბურთალო“) მოიგო, ხოლო მესამე ადგილისთვის მებრძოლები („დილა“ და „ჩიხურა“) ორივე დამარცხდა.

ამასობაში, „ტორპედომ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და დაკარგული ქულებით მესამე ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, გამოტოვებულ მატჩებს ჯერ მოგება უნდა. ასეთები კი ქუთაისელებს სამი აქვთ: 3 ოქტომბერს „დილას“ უმასპინძლებენ, 17 ოქტომბერს „ლოკომოტივს“,  31-ში კი კლასიკოში „დინამოს“ ეწვევიან თბილისში.

ლიდერმა „საბურთალომ,“ მიჯრით ორი მარცხის შემდეგ, ივანწმინდაში ბოლოსკენღა აჯობა „ჩიხურას.“ თბილისელთა ვეტერანმა, 35 წლის დიმიტრი ტატანაშვილმა, თავის ყოფილ კლუბს 85-ე წუთზე გაუტანა. გოლი კი საჩხერელი ბაქარ მირცხულავას შეცდომას მოჰყვა, რომელმაც მალევე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. ეს 22-ე გაძევება გახლდათ სეზონში.

დინამოელმა ლევან შენგელიამ (27) კოლხეთს ორი ორჯერ გაუტანა ბადრი კეთილაძის ფოტო

„დინამომ“ მებოლოვე „კოლხეთს“ ლევან შენგელიას დუბლით აჯობა. ჯერ ალბათ ნაადრევია რაიმეს მტკიცება, მაგრამ, ჩანს, ლეგენდარულ რამაზ შენგელიას ნიჭიერი მოგვარე გამოუჩნდა. 22 წლის ლევანს თავის დროზე  „დილაში,“ „ტორპედოსა“ და „კოლხეთში“ უთამაშია. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მაისურაც მოურგია. შემდეგ უცხოეთში წავიდა და იქ ბელგიურ „ტიუბიზში“ და სამხრეთაფრიკულ „ტეჯონ სიტიზენში“ მოსინჯა ძალები. წლეულს აგვისტოში კი „დინამოს“ ფეხბურთელი გახდა. დღემდე 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ამ სამიდან ორი ძალიან ლამაზი და მსგავსი გამოდგა. ერთი, წინა ტურში „საბურთალოსთან“ და მეორე ამჯერად, „კოლხეთთან“  – საჯარიმოს ხაზიდან, ცაციათი, ცხრიანში.

ტურში კიდევ ერთი დუბლი რკინიგზელმა ზურიკო დავითაშვილმა მიითვალა (სულ სეზონში 22 დუბლია დაფიქსირებული). განსაკუთრებით ფასეული „აბრეზას“ ვაჟის 92-ე წუთზე გატანილი გოლი გახლდათ, რომელმაც „ლოკომოტივს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

26-ე ტური: ლოკომოტივი 2:1 დილა, დინამო 2:1 კოლხეთი, ტორპედო 3:0 სიონი, ჩიხურა 0:1 საბურთალო, სამტრედია 1:1 რუსთავი

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

27-ე ტური

30 სექტემბერი: კოლხეთი – ტორპედო, დილა – დინამო

1 ოქტომბერი: სიონი – ჩიხურა, საბურთალო – სამტრედია

2 ოქტომბერი: რუსთავი – ლოკომოტივი

მეგოლეები:

გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 16, მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 14, ლეანდრო რიბეირო (დილა) – 13, ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 12, ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი ავსტრია) – 11, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ლევან კუტალია (ტორპედო) – 9