როდრიგო დე პაულ

„უოტფორდის” რობერტო პერეირასა და „უდინეზეს” როდრიგო დე პაულს სავარაუდოდ, არგენტინის ნაკრებში გამოიძახებენ. „ალბისელესტეს” მწვრთნელი ლიონელ სკალონი შემდგომი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

სკალონის გამოსაძახებელი ფეხბურთელების სია აქამდეც უნდა გამოექვეყნებინა, მაგრამ ბევრი დაშავდა და გადადება მოუხდა. არგენტინელი ჟურნალისტები ფეხბურთელთა ჩამონათვალს დღეს მოგვიანებით ელოდებიან — ბუენოს აირესი თბილისზე 7 საათით უკანაა.

TyC Sports-ის მიმომხილველი სესარ ლუის მერლო დაბეჯითებით აცხადებს, რომ გამოძახებულთა შორის ზემოხსენებული პერეირა და დე პაულიც იქნებიან.

პერეირა 27 წლის მარჯვენა ნახევარმცველია, რომელსაც ნაკრებში 10 თამაში აქვს ჩატარებული (2015 წლის „კოპა ამერიკაზე” გამოდიოდა), ხოლო დე პაული 24 წლის მარცხენა გარემარბი გახლავთ, „ალბისელესტეში” ჯერაც უთამაშებელი.