ფეხბურთის მეტნაკლებად სტაჟიან ქომაგებს კარგად გვახსოვს, რომ თბილისის „დინამოს“ ყველაზე ვარსკვლავური თაობის დროსაც კი „საკუთარი კედლების გუნდს“ ეძახდნენ.

სსრკ-ის ჩემპიონატი, ტრადიციულად სამხრეთულ სტადიონებზე მატჩებით იხსნებოდა. პირველ ექვს ტურში ხუთს თუ არა, ოთხ მატჩს მაინც თბილისში მართავდნენ ჩვენები და როგორც წესი, სათავეში მოვექცეოდით ხოლმე სატურნირო ცხრილს. მერე იწყებოდა გასვლითი სერია და ერთნაირი შიშკანკალით მოლოდინი უკრაინულ და რუსულ გუნდებთან კი არა, „ფახთაქორთან“, „ჟალგირისთან“, „ნეფთჩისთან“ თამაშის წინ.

ყველა გასვლით მოგებას გმირობად ვუთვლიდით ჩვენებს… განა იგივე არ სჭირდა საკალათბურთო „დინამოს“, სპორტის სასახლეში ცსკას-რომ აწყევლინებდა თავბედს და მერე რიგაში ვეფ-ს ვერაფერს უხერხებდა?!

არ იყო ეს არც ერთეული შემთხვევა და არც რიგითი მარცხი. პრობლემა საფეხბურთო, საკალათბურთო თუ სხვა ნებისმიერი არენის მიღმა – ფსიქოლოგიაში იმალებოდა.

გადმოვინაცვლოთ ორიოდე ათეული წლით აქეთ: რამდენი შეხვედრა დათმეს ჩვენმა კლუბებმა თუ ნაკრებებმა სულ ბოლო წუთებზე? შეუძლებელია, 85 წუთის მანძილზე არ გეშინოდეს საბერძნეთის ან ირლანდიის ნაკრების და მერე დაფრთხე. ეს მეტოქის შიში არ არის. უფრო, საკუთარი თავის და კიდევ უფრო – საკუთარი წარმატების შიშია (იშვიათი გამონაკლისების გარდა).

„მგონი, ვიგებ“ – როგორც კი გაიელვებს სპორტსმენის ტვინში, იმ წამიდან ამოვარდნილია რიტმიდან. გუნდურ სახეობებს რომ შევეშვათ, განა ინდივიდუალურში ნაკლებად გვაქვს ეს პრობლემა? რამდენი ოლიმპიური, მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატის მედალი გაუშვიათ ჩვენებს ბოლო წუთზეც კი არა – ბოლო წამებზე?

ვარლამ ლიპარტელიანზე სტაბილური ძიუდოისტი თანამედროვე ძიუდოში სანთლით საძებარია. კაცს ოლიმპიურის გარდა, მხოლოდ მსოფლიოზე სამი ფინალი აქვს ნაჭიდავები და სხვა რანგის მედლებს რა დათვლის. არ მეგულება ძიუდოისტი, რომლის დაიპონებასაც ლიპარტელიანი ვერ შეძლებს. ამიტომაც არ მჯერა, რომ როცა აგებს, მეტოქესთან აგებს, უფრო – საკუთარ თავთან.

თავისი (ჯერ ერთი და მერე მეორე) წონის ტედი რინერი უნდა ყოფილიყო, რომ არა ეს ომი საკუთარ თავთან.

მაპატიოს ვარლამმა, რომ მაგალითისთვის სწორედ კაპიტანი ვახსენე, მაგრამ ეს ზოგადად ჩვენი სპორტის პრობლემაა. ბრწყინვალე ფიზიკური, ტექნიკური, ფუნქციონალური მომზადების გარდა, თანამედროვე სპორტი ფსიქოლოგიურ მდგრადობას ითხოვს და ამ მხრივ დასაკვეხნად კი არა, დასაცინად გვაქვს საქმე. თანაც, შესაბამისი მუშაობა სპორტსმენებთან დიდობაში კი არა, სულ დასაწყისიდან უნდა ტარდებოდეს.

იქნებ მოხერხდეს და ამ სფეროში იმდენად კომპეტენტურ ადამიანს მივაკვლიოთ, ვინც უკვე ნათქვამზე კვერს დაკვირავს ან შეცდომებზე მიგვითითებს…

საფიქრალად კი ეს თემა ნამდვილად ღირს.

წილი
წინა სტატიაევროპას გერმანია გააერთიანებს
შემდეგი სტატიაბარსელონა იცვლება
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".