„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელისა და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, ჟოზე მოურინიუსა და პოლ პოგბას ურთიერთობა ისე გაუარესდა, როგორც არასდროს. მათ საჯარო კონფლიქტი მოუვიდათ, რის მერეც „განსაკუთრებული” ელის, რომ კლუბის ბოსები მას დაუჭერენ მხარს.
კონფლიქტი საჯარო იმიტომ გამოვიდა, რომ ვარჯიშზე, სადაც ეს ამბავი მოხდა, Sky TV-ს კამერები იდგა. ჩანაწერში ისმის, როგორ დაუძახა მწვრთნელმა ფეხბურთელს „მოშორდი აქედან”. შელაპარაკების მიზეზი კი ინსტაგრამზე დადებული პოსტი გახლდათ.
მოურინიუ გადაურევია ჩანაწერს, სადაც ჩანს როგორ იცინიან ტრიბუნებზე ჩამომჯდარი პოგბა და ანდრეას პერეირა დერბიში „კარაბაოს თასზე” გამაოგნებელი დამარცხების შემდეგ. ამის გამო მწვრთნელმა მსოფლიოს ჩემპიონს ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე შეუტია.
„სანი” წერს, რომ პოგბასა და პერეირას სიცილის ამბავი საღამოს თერთმეტის ნახევარზე დაიპოსტა, არადა, სინამდვილეში ჯერ კიდევ პირველი ტაიმის მსვლელობის დროს ყოფილა გადაღებული. ახლა მიდის დამნაშავის ძიება. ზოგი ამბობს, რომ ყველაფერი კლუბის „ვაიფაის” ბრალია.
დაირხა ხმა, რომ „იუნაიტედი” იანვარში პოგბას გაყიდის. არ არის გამორიცხული, რომ ფრანგის ყიდვით მისი ყოფილი კლუბი „იუვენტუსი” დაინტერესდეს.