ჟოზე მოურინიუმ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს გამოუცხადა, რომ პოლ პოგბა მათ აღარასოდეს უკაპიტნებს. როგორც „სანმა” შეიტყო, „განსაკუთრებულმა” ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს სამკლავური შაბათს, „ვულვზთან” 1:1-ის შემდეგ გაკეთებული კომენტარების გამო „მოხსნა”, თუმცა ოფიციალურად ის დააბრალა, მოედანზე უგულოდ იყავიო.
მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ გაირბინა შავმა კატამ. პოგბამ მოურინიუს ტაქტიკა საჯაროდ გააკრიტიკა, პორტუგალიელმა კი საპასუხოდ „ორთქლი გამოუშვა”.
ცნობისთვის: ამ სეზონში პოგბამ ანტონიო ვალენსიას არყოფნაში სამჯერ უკაპიტნა გუნდს.
გუშინ, მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” კიდევ ერთხელ წაიფორხილა — „კარაბაოს თასზე” „დერბისთან” მატჩისშემდგომი პენალტებით წააგო. როგორც ირკვევა, მატჩის შემდეგ, როდესაც მოურინიუ „ორთქლს უშვებდა” და გუნდს პოგბას კაპიტნობიდან მოკვეთის ამბავს აუწყებდა, საკუთრივ ფრანგი იქ არ იყო.
„სანი” წერს, რომ „განსაკუთრებულმა” ფეხბურთელები ქერინგტონის საწვრთნელ ცენტრში შეჰყარა და განრისხებულმა დაუწყო ახსნა, რომ არც ერთი ინდივიდუმი არ არის კლუბზე მნიშვნელოვანი. გაზეთის თქმით ეს იყო მოურინიუს შოუ დანარჩენი ფეხბურთელებისთვის, რომელთაც „ვულვზთან” 1:1-ის შემდეგ პოგბას კომენტარები წაიკითხეს.
პოლ პოგბას კომენტარები კი ასეთი გახლდათ: „როდესაც შინ ვთამაშობთ გაუჩერებლად უნდა ვუტევდეთ, ვუტევდეთ, ვუტევდეთ… ეს „ოლდ ტრეფორდია”! ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ შევუტიოთ. მე თუ მკითხავთ, როდესაც გუნდები ხედავენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” უტევს, მათ ეშინიათ. დღეს, „ვულვზთან” შეხვედრაში ჩვენი შეცდომაც სწორედ ეს იყო”.
შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის” ყველაზე ძვირ შენაძენს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, კი მაგრამ რატომ არ უტევთ, ვინ გაბრკოლებთო. ამაზე პოგბამ უპასუხა: „ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, რადგან ფეხბურთელი ვარ. ოღონდ გარწმუნებთ, ის ვინც გუნდს აბრკოლებს, მე არ ვარ”.