ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, უკვე სამგზის ვიცე-ჩემპიონი და ეს სიტყვა „ვიცე“ უკვე გულდასაწყვეტია…
მიუხედავად იმისა რომ თავისთავად დიდი წარმატებაა მსოფლიოს საჭიდაო ფორუმზე ვერცხლის მედლის მოპოვება და უთუოდ დასაფასებელია ის, რაც ქართველმა ფალავანმა გააკეთა…
თუმც, ძალიან ახლოს ვიყავით ოქროსთან, თავად „ლიპოსთვისაც“ ასე ნანატრ ჩემპიონობასთან. სტაბილურად და დამაჯერებლად მივიდა ფინალამდე ლიპარტელიანი. მან ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიტოვა ფრანგი იდირი, მასპინძელთა ჯილა გასიმოვი, ეგვიპტელი დარვიში და ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მონღოლი ლხაგვასურენის წინააღმდეგ დადგა. ამ მომენტს წინ უსწრებდა დარბაზში მონღოლეთის პრეზიდენტის მოსვლა. ხალმააგინ ბატულბა თავადაც მოჭიდავე გახლდათ – ყოფილი მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი სამბოში და ბუნებრივია, მისმა მოსვლამ დიდი სტიმულიც მისცა ლიპარტელიანის მეტოქეს, მაგრამ ქართველს დილიდან დაყოლილი შემართება არც ამჯერად მოჰკლებია და ფინალის ნანატრი საგზურიც ირგუნა.
მონღოლმა ფალავანმა თავისი ქვეყნის პრეზიდენტის გახარება მაინც შეძლო, რაკიღა მესამე ადგილისთვის მატჩში თვით მსოფლიოს ჩემპიონი იაპონელი ვოლფი გათელა. ბრინჯაო ირგუნა რუსმა ილიასოვმაც
და ფინალი. ქართულად აგუგუნებული დარბაზი. საოცარი ქომაგობა, რომელმაც მასპინძელ გულშემატკივართა მონდომებაც კი დაჩრდილა გასიმოვთან ბრძოლისას და ბუნებრივია, ფინალშიც ტრიბუნების ერთპიროვნული ბატონ-პატრონი იყო… და კორეელი ჩო, რომელიც დებიუტიდანვე ნელ-ნელა აჩენდა ბრჭყალებს და გადამწყვეტი ორთაბრძოლისას საოცრად დამუხტული გახლდათ…
დამატებითი მეხუთე წუთი მიმდინარეობდა, ვარლამ ლიპარტელიანისთვის, შესაბამისად კი ჩვენთვის სამწუხარო კორეული გდება რომ შედგა…
ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეა ქართველთათვის.
ხვალ, ბაქოური მონაგრის გაზრდის შანსია – აბსოლუტურ კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე რეიტინგის ლიდერი გურამ თუშიშვილი იჭიდავებს.