ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ქართველი გმირიც ჰყავს – ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ფურორი მოახდინა და ურთულეს, 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
დღეს ყველა შერაზადიშვილზე საუბრობს, გუშინ კი იგი ჩვეულებრივი მოჭიდავე იყო, თავის გეგმებით და ოცნებებით, რომელთა ახდენაც დაიწყო, დაიწყო და თანაც როგორ…
… ვაჟა ბალხამიშვილთან ვარჯიშობდა, შრომით რეზერვებში. იქ ისწავლა ძიუდოს ანბანი-მეუბნება ჩემი კოლეგა, სილქტივის ძიუდოს მიმომხილველი თამაზ გოგიბედაშვილი. თამაზს ნიკოლოზის მამაც კარგად ახსოვს – „,პაპუასა“ – ზაზა შერაზადიშვილი. ისიც ძიუდოისტი იყო და ათი წლის წინ ოჯახით ესპანეთში საცხოვრებლად გადავიდა. სამწუხაროდ, ზაზა შერაზადიშვილი შარშან სიმსივნით გარდაიცვალა, პატარა ნიკოლოზი კი საქართველოში ნასწავლი ძიუდოს ანბანით ნელნელა და მონდომებით იწყებდა თავისი საჩემპიონო წიგნის წერას…
90 კილოგრამამდე წონით კატეგორიას თავის ფავორიტები ჰყავდა და მიუხედავად შერაზადიშვილის მესამე ნომრად განთესვისა, სპეციალისტები გამარჯვებას მასზე მეტად სხვებს უწინასწარმეტყველებდნენ. მოვლენები საკმაოდ მოულოდნელად განვითარდა. ჯერ ჩვენი ბექა ღვინიაშვილი გამოეთიშა ბრძოლას, მერე კი მიყოლებით გავარდნენ კუკოლი, გვაკი, ხალმურზაევი და ნიკოლოზის შანსებიც გაიზარდა…
უნგრელ ტოტისთან მოგებული ნახევარფინალის შემდეგ, ნიკოლოზს შერეულ ზონაში შევხვდი:
– გილოცავ, ქართველი ჟურნალისტი ვარ, ორიოდე შეკითხვა მაქვს…
– ბარემ მოვიგებ ფინალს და მერე ვისაუბროთ…

ზაზა შერაზადიშვილი

დიახ, მან თქვა-მოვიგებ, ოღონდ ეს არ ყოფილა ქედმაღლობით ნათქვამი, უბრალოდ ძალიან მოტივირებული და თავდაჯერებული გახლდათ. ეს მისი გეგმის ნაწილი იყო და ერთი წამითაც არ დაშორებია ამ გეგმას. ალბათ, ამიტომაც იყო მეც რომ არ შემპარვია ეჭვი მის საბოლოო წარმატებაში, მაშინაც კი, როცა კუბელი სილვა მორალესი ვაზარით დაწინაურდა…
და ისევ შერეული ზონა. სხვადასხვა ქვეყნის ათობით ჟურნალისტი დაეხვია მსოფლიოს ახალ ჩემპიონს…

– ჯერ თქვენ დაგპირდით, არ დამვიწყებია – ამ სიტყვებით მომიახლოვდა და როცა ავტოგრაფი ვთხოვე, ალალად თქვა – ბოდიში, მღელვარებისგან ხელები მიკანკალებს, თანაც ცუდი კალიგრაფია მაქვსო, არადა…

– უზომოდ მახარებდა ქართველ ქომაგთა შეძახილები. მათ დიდი სტიმული მომცეს, ეს საქართველოს ოქროც არის – ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა და უმალ აღტაცებული

ნიკოლოზ შერაზადიშვილს მსოფლიო ჩემპიონობა ერთერთმა პირველმა სარბიელელმა პაატა კვანტალიანმა მიულოცა

ტელეჟურნალისტების შორის აღმოჩნდა. გამორჩევით და ხმაურიანად ესპანელები ზეიმობდნენ, მათ ქვეყანას ხომ ისტორიის ახალი ფურცელი დაუწერა ერთმა ქართველმა ბიჭმა – ესპანეთს აქამდე არასდროს ჰყოლია მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში…

ამასობაში, წმინდა ქართული ოქროს იმედი გაგვიჩინა ვარლამ ლიპარტელიანმა. მას პირველივე ბრძოლიდან რთული მოწინააღმდეგეები არგუნა კენჭისყრამ. ფრანგი იდირის ძლევის შემდეგ, „ლიპოს’“ მასპინძელთა იმედი და ერთ-ერთი ფავორიტი გასიმოვი ერგო, ვინც დამატებით დროში გატეხა, მერე კი ეგვიპტელ დარვიშს მოუგო და დღის დასკვნით ნაწილში, ნახევარფინალში მონღოლ ლხაგვასურენს დაუდგება.

ვიმედოვნებ, საღამოს უკვე „ოქროს რეპორტაჟი“ გამომივა…

P.S. ფოტოსთვის და ზოგადად კოლეგიალური დახმარებისთვის, მადლობას ვუხდი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სპორტულ დირექტორ ზურაბ უსუფაშვილს და ძველ სარბიელელ ირაკლი ხმელიძეს.

წილი
წინა სტატიალუკა მოდრიჩმა არავინ დაიტოლა
შემდეგი სტატიავიცე-ლიპო
პაატა კვანტალიანი
პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!