ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონატს 24-დან 6 ნაკრებიღა შემორჩა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასულ 16 ნაკრებს პირველ ეტაპთან შედარებით ბევრად უფრო სასტიკი პირობები დახვდა: რჩეულ ექვსეულში მოხვედრას შეძლებდა მხოლოდ ჯგუფებში პირველადგილოსანი ოთხი ნაკრები პლუს ოთხი მეორეადგილოსნიდან ორი საუკეთესო.

იტალიის ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გმირის სტატუსით გადავიდა. მშობლიური ტრიბუნებით შეგულიანებული აპენინელები კოჭებს ამტვრევდნენ სუსტ თუ ძლიერ მეტოქეებს და მეორე ეტაპის პირველ თამაშშიც კომფორტული გამარჯვება მოიპოვეს უპრეტენზიო ფინეთთან. მაგრამ მეორე ტურში იტალიას დაეტაკა რუსეთი და დაუმარცხებლობის ხიბლი მოუსპო. რუსებმა ჩემპიონატი ძიგძიგით დაიწყეს. დედამიწის უეჭველად საუკეთესო ნაკრებთაგანს პირველ წრეში არითმია ჰქონდა, კამერუნთან, ავსტრალიასა და ტუნისთან წინასწარ დაგეგმილ გამარჯვებებს რუსეთმა მოულოდნელად აშშ-სთან ხელფეხის ჩამოყრა (1:3) და სერბეთთან მძიმე ბრძოლაში დამარცხება (2:3) დაურთო და რაუნდი ყოვლად შეუფერებელ მესამე ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ მეორე წრეში, მსოფლიო ჩემპიონატების წესის თანახმად, გუნდებს პირველი წრის მთელი მონაგარი გადაჰყვათ, ამიტომ რუსეთის ნაკრებს შეცდომის დაშვების უფლება წაერთვა, ერთ წაფორხილებას გუდანაბადის აკრეფა უნდა მოჰყოლოდა.

რუსებმა იომეს და მოიგეს. უკომენტაროდ გაანადგურეს ჰოლანდიის სიმპათიური ნაკრები და იტალიას დაუდგნენ წინ. მილანში, “ფორუმ დი ასაგოზე”, იქნებ მთელი ჩემპიონატის ერთერთ უმნიშვნელოვანეს თამაშში სასწორი დიდხანს ირყეოდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. ტაი-ბრეიკზე ბოლო ბურთები უფრო აზრიანად მაინც რუსებმა გაათამაშეს და როგორც გაირკვა, ერთერთ დასკვნით სამეულში მოხვედრაც იქვე დაიბევეს, რადგან ფინეთთან მესამე თამაშში მოტივაციით და კლასითაც ფრიად სჯობნიდნენ მეტოქეს და ბდღვირის ადინეს – 3:0. 6 მოგებით და 2 წაგებით რუსეთმა იტალიას ვერ კი გაუსწრო, მაგრამ მეორე ეტაპის ორიდან ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა და მომდევნო წრეში გავიდა.

იტალიელთა კაპიტან ივან ზაიცევს თავის თვისტომთათვის დარტყმები არ დაუკლია, მაგრამ ვერას გახდა

E-ჯგუფზე სულ ეს იყო, ხოლო F-ჯგუფში როგორღაც თავიდანვე გარკვეული ჩანდა ყველაფერი. ბრაზილიამ ცემა ავსტრალია (3:0), სლოვენია (3:0) და დიდი გაჭირვებით ბელგია (3:2), ხოლო ჩამოთვლილმა სამმა ნაკრებმა ერთმანეთში ხან მოიგო, ხან წააგო და ჯამში ყველას დაახლოებით თანაბარი შედეგი გამოუვიდა ისე, რომ მეორე ადგილზე გასულ ბელგიას (+4-4) ოცნებაც აღარ შერჩა მესამე ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად, ისევე როგორც G-ჯგუფში კანადას. ნეკერჩხლის ფოთლოსნებმა მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი თამაში წააგეს აშშ-ს დაუმარცხებელ ნაკრებთან (1:3) და მომდევნო ორ თამაშში კი ვაჟკაცურად მოუგეს ირანს (3:2) და მასპინძელ ბულგარეთს (3:2), მაგრამ +5-3 ყოჩაღ მეორეადგილოსნობას ვეღარ ეყო და მომდევნო ჯგუფური ეტაპის ბოლო ბილეთიც H-ჯგუფის ჯილა სერბეთს ხვდა წილად. სერბებს აფერუმ! იბრძოლო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და ჯგუფში ჩატოვო მართლა ღონიერი საფრანგეთი – დიდებული საქმეა.

საერთოდაც, H-ჯგუფში მოვლენები როგორღაც ქაოტურად დატრიალდა: პირველ ტურში სერბებსა და ფრანგებს შორის ნამდვილი ბლოკბასტერი გათამაშდა. ტაი-ბრეიკშიც კი გამარჯვების ქალღმერთს ერთხანს არ უნდოდა გამარჯვებულის მონიშვნა, სანამ 17:16-ზე სერბის ჩაწოდებული და ბადისპირიდან ასხლეტილი ბურთი დაბნეულმა ფრანგმა მიმღებმა თავით არ მოიგერია და სადღაც უმისამართოდ გასტყორცნა. პირველმა წარმატებამ სერბებს ფრთები შეასხა (დიდი ქართველი კომენტატორი იტყოდა ასე) და მომდევნო ტურში მათ არგენტინასაც წესი აუგეს, რითაც ბოლო ტურს ფორმალური ხასიათიღა შერჩა. დიახ, იომეს ფრანგებმა: მეორე ტურში მსოფლიო ჩემპიონ პოლონეთს მოერივნენ (3:1) და მესამეში არგენტინაც მიაყოლეს (3:1), მაგრამ სერბთა დაწევა მაინც შეუძლებელი გამოდგა. საწყენია არგენტინელთა ფიასკო. მათი შანსები ურიგო როდი ჩანდა მეორე ეტაპის პირველი ტურის შემდეგ, როცა სამხრეთამერიკელებს პოლონეთი შემოემარცხათ, მაგრამ დაწყებულს გაგრძელება უნდა…

სერბებმა ფრანგები დასცეს და მესამე წრეში გასვლა აღუკვეთეს

მოკლედ, სახლებში წავიდ-წამოვიდნენ: ფავორიტთაგანი საფრანგეთი და კანადა, ღონიერი და ეგზოტიკური ირანი, მასპინძელი ბულგარეთი და კიდევ ბარე ორი ნაკრები, ვისაც მესამე ეტაპზე გასვლა დაშვენდებოდა. დარჩნენ კი სუპერნაკრებები, რომელთაგან ხუთიოდე დღეში ერთერთ თავზე ჩემპიონის გვირგვინს მოირგებს. აი, ისინიც:

  • ჯგუფი I – ბრაზილია, აშშ, რუსეთი
  • ჯგუფი J – იტალია, პოლონეთი, სერბეთი

მეორე ჯგუფური ეტაპი. საბოლოო ცხრილები

ჯგუფი A

ნაკრებითამაში (მოგება-წაგება)პარტია (მოგება-წაგება)ბურთები (ჩაგდებული-მიღებული)ქულა
იტალია7-123-6691-56822
რუსეთი6-221-8675-57818
ჰოლანდია5-316-15692-66114
ფინეთი2-610-21638-7196

ჯგუფი B

ნაკრებითამაში (მოგება-წაგება)პარტია (მოგება-წაგება)ბურთები (ჩაგდებული-მიღებული)ქულა
ბრაზილია7-122-8699-61819
ბელგია4-416-14667-65714
სლოვენია4-417-16722-71613
ავსტრალია3-512-19695-7019

ჯგუფი C

ნაკრებითამაში (მოგება-წაგება)პარტია (მოგება-წაგება)ბურთები (ჩაგდებული-მიღებული)ქულა
აშშ8-024-6704-58522
კანადა5-318-14712-69413
ბულგარეთი4-416-12625-61713
ირანი4-414-16674-66412

ჯგუფი D

ნაკრებითამაში (მოგება-წაგება)პარტია (მოგება-წაგება)ბურთები (ჩაგდებული-მიღებული)ქულა
პოლონეთი6-221-9702-59322
სერბეთი6-220-12707-67717
საფრანგეთი5-321-12765-68818
არგენტინა3-514-19735-7518
წილი
წინა სტატიაქართული უიღბლობანი სიგნალების ქალაქში
შემდეგი სტატიავითომ კრიზისშია საბურთალო?
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია