ბაქო სიგნალების ქალაქია. აქ ყველა შუქნიშანთან საქორწინო მაყრიონი გეგონებათ, ისეთი პიპინ-ჭყვიტინია ატეხილი… საერთოდ, საზღვარგარეთ უფრო აფასებ შენს ქვეყანას და ჩემი უდიდესი პატივისცემა თბილისელ ტაქსისტებს, მათთან შედარებით აქაურები გზააბნეული ცხვრებივით არიან.
როცა, მეოთხე, თუ მეხუთე ტაქსისტმა ჩვენგან გაიგო ნაციონალური ტანვარჯიშის დარბაზის არსებობა და გაოცებულებმა აღმოაჩინეს რომ მათ ქალაქში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდებოდა, მე და ჩემმა მეგობრებმა საქმის ქართულად მოგვარება გადავწყვიტეთ და ჩვენი აქ მოღვაწე მეგობარი, ბაქოში ცნობილ-დაფასებული მომღერალი მალხაზ მდინარაძე დავიხმარეთ. მძღოლთან მისმა სატელეფონო საუბარმა შედეგი გამოიღო…
დარბაზში მისულთ კი უფრო დიდი უსიამოვნება დაგვხვდა – ბექა ღვინიაშვილი თავჩაღუნული ტოვებდა ტატამს. არადა,ღვინიაშვილი უპირობო ფავორიტად მოსჩანდა გერმანელ ედუარდ ტრიპელთან. 22 წლის ქართველს, ჯერ კიდევ ჭაბუკობისას ჰყავს ტრიპელი დამარცხებული, შარშან კი დიუსელდორფის გრან-პრის ნახევარფინალში ჩამოიცილა გზიდან
სადაც საბოლოოდ ჩემპიონობასაც შეწვდა, წლეულს კი პარიზის გრან-პრიზეც მოუგო მეოთხედფინალში…
ბექა თავისივე შეცდომის გამო დამარცხდა, ძიუდო კი სპორტის ისეთი სახეობაა, სადაც, კონკრეტულ შეხვედრაში დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსი არ არსებობს.
დღის იმედად უშანგი მარგიანი იქცა. ზრდილი, თავმდაბალი ახალგაზრდა, მოგვიანებით მობოდიშებით რომ ჩაეხუტა ქომაგს. მარგიანს ჯერ კიდევ წილისყრისას არ გაუმართლა, როცა გამოცდილი ნაგასავას ბადეში მოხვდა. ამის მიუხედავად დამაჯერებლად მივიდა ფავორიტ იაპონელამდე. ჯერ ჩინელ ბუს სძლია, შემდეგ ბერძენი ცელიდისიც ეფექტურად ჩამოიშორა, მერვედფინალში კი ნაგასავას გამოცდილებამ გადამწყვეტი სიტყვა თქვა, თუმც მარგიანს კარგი პოტენციალი აქვს, სამერმისოდ დიდი გამარჯვებები რომ მოუტანოს საქართველოს.
და მაინც, უიღბლო დღეს გარკვეულწილად სასიხარულო დასასრული მოჰყვა. 22 წლის ქართველი, მაგრამ ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! მასზე დაწვრილებით ხვალ იყოს…
ხვალ კი ბოლოსწინა იმედია საიმისოდ, ქართველთა მწირი მონაგარი რომ შეივსოს. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი იჭიდავებს.