
მსაჯის სასტარტო სასტვენამდე 15 წუთით ადრე გუნდებისთვის განკუთვნილი გვირაბიდან სერ ალექს ფერგიუსონი გამოვიდა, თუმცა მოედანზე არ გასულა და ლოჟაში დაიკავა ადგილი.
უნდა გენახათ ეს კადრები და მოგესმინათ ტრიბუნების რეაქცია. სხვაგვარად სრულად ვერ აღიქვამთ, როგორ აფასებს ფანობა კლუბის ისტორიაში, ალბათ, მთავარ ადამიანს.
შეგახსენებთ, მაისში სერ ალექსს ტვინში სისხლი ჩაექცა და გონება მხოლოდ 4 დღის შემდეგ დაუბრუნდა.
ყველა შიშობდა.
ბრიტანული სტატისტიკით, ამ დიაგნოზის შემდეგ პაციენტთა მხოლოდ 56 პროცენტი რჩება ცოცხალი. სერ ალექსი ოჯახში მხოლოდ ივნისში დაბრუნდა და ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნების პირობა დადო.
შეასრულა კიდეც.
ჯერ კიდევ ლოჟაში ასვლამდე ფერგიუსონმა მცირე ინტერვიუც მისცა:
„მგონი, ყველაზე უარესი უკან მოვიტოვე. ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ექიმები და ჩემი ვაჟი მირჩევენ. ცოტას ვნერვიულობ. აქ ხომ აპრილში „არსენალთან“ მატჩის შემდეგ არ ვყოფილვარ. ვერც ინტერვიუზე ვეტყოდი უარს ამ ბიჭებს პრესიდან, ხშირად გულუბრყვილო კითხვების დასმა რომ უყვართ. კლინიკაშიც და მერე სახლშიც იმდენი წერილი მივიღე, გაოგნებული ვარ. დღეს ჩემი რამდენიმე ექიმი შეხვედრას განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით ესწრება და ვფიქრობ, ეს სამართლიანია“.