დღეს, ლონდონში ფიფას გალა წარმოდგენაა — საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოება. და ცნობილი გახდა, რომ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს კრიშტიანუ რონალდუ.

პორტუგალიელის არჩასვლის მიზეზი ოფიციალურად, სუფთა სპორტულია: მის გუნდს, „იუვენტუსს” კვირას სტუმრად „ფროზინონესთან” ჰქონდა თამაში, რომელიც 2:0 მოიგო, ხოლო ოთხშაბათს ის „ბოლონიას” მასპინძლობს. ასეთ დატვირთულ გრაფიკში მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშეს ლონდონში ჩასაფრენად დრო აღარ რჩება. „იუვენტუსმა” არგუმენტის გასაძლიერებლად ისიც დასძინა, რომ ჩვენგან ლონდონის გალა წარმოდგენაზე არავინ იქნებაო.

არადა, აღსანიშნავია, რომ რონალდუ სამ ფინალისტს შორისაა. მის გარდა სამეულში მოხვდნენ მისი ყოფილი თანაგუნდელი „რეალიდან”, ხორვატი ლუკა მოდრიჩი და ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი, „ლივერპულიდან”. გამარჯვებული სწორედ ამ ტრიოდან უნდა გაირკვეს.

რონალდუს დამოკიდებულებამ ჟურნალისტებს აგვისტოს ბოლოს, მონაკოში ჩატარებული უეფას დაჯილდოების ცერემონიალი გაახსენა, სადაც პორტუგალიელი, ისევე როგორც ახლა, ფინალისტი გახლდათ და ისევე როგორც ახლა, ღონისძიებას არც მაშინ დაესწრო. განსხვავება ის არის, რომ ამჯერად ვარსკვლავმა ორგანიზატორები გააფრთხილა, უეფას დაჯილდოება კი უბრალოდ გააცდინა.

შეგახსენებთ, რომ მონაკოში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელეს.

და როგორც მსოფლიო გამოცემები წერენ, საუკეთესოსთვის განკუთვნილ ჯილდოს ამჯერადაც მოდრიჩს გადასცემენ.

კიდევ, გამოსულ ხმათა თანახმად საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილ „ოქროს ხელთათმანს” ტიბო კურტუა მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ნაკრები გუნდების კაპიტნები, მწვრთნელები, ჟურნალისტები — საქართველოდან ტრადიციულად „სარბიელი” — და გულშემატკივრები.