
სეზონი ბოლოსკენ მიდის და ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტისთვის ზედიზედ ორი წაგება, ერთობ საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს. ეგ კი არა, „დინამოს“ რომ „სიონისთვის“ მოეგო, დაკარგული ქულების გათვალისწინებით პირველ ადგილზე აღმოჩნდებოდა. არადა, საბურთალოელები ჩემპიონატის დაწყებიდან ლიდერობენ. მხოლოდ მერვე ტურში გაუსწრო „დინამომ“ და ისიც ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით. საბურთალოელებს თამაშიც დალაგებული ჰქონდათ და 11 მატჩიანი წაუგებელი სერიაც გამოაცხვეს. ბოლო ორ ტურში კი ჯერ „დინამოსთან“ წააგეს, ახლა – „ტორპედოსთან.“ მთავარი ის არის, რომ ქუთაისელებმა თამაშითაც აჯობეს საბურთალოელებს და დამსახურებულად გაიმარჯვეს დიდი ანგარიშით.
გია ჭიაბრიშვილი და მისი თანაშემწეები, ცხადია, გაანალიზებენ ვითარებას. თუმცა, ერთიცაა, ისე არ ხდება, რომ ნებისმიერმა გუნდმა ერთი ამოსუნთქვით ჩაამთავროს სეზონი. ჩემპიონატი ხანგრძლივი მარათონია, ამისდაკვალად, მცირე ჩავარდნა ყველას ემართება ხოლმე და ასე მხოლოდ საქართველოში არ ხდება. შესაძლოა, „საბურთალოს“ შემთხვევაშიც ამ მოვლენასთან გვქონდეს საქმე. ყოველ შემთხვევაში, თუ ეს ძალიან სიმპათიური გუნდი ამ უიღბლო ეტაპს მალე დაძლევს, ალბათ, საბოლოოდ პირველობაშიც ვერავინ შეეტოქება.
ტურის გამხსნელ მატჩში „კოლხეთმა“ „ლოკომოტივი“კირილო დოროშენკოს თერთმეტმეტრიანით დაამარცხა და 12 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ეს უკრაინელი ლეგიონერის პირველი გოლი გახლდათ ეროვნულ ლიგაში.
გამარჯვების მიუხედავად, ფოთელები ერთობ რთულ ვითარებაში არიან. ბოლო ადგილზე დგანან. თანაც, ფედერაციამ საჩივარიც არ დაუკმაყოფილა. პირიქით, ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციაც დაუმატა.
მოგეხსენებათ, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე „კოლხეთი 1913“-ის ხუთ მოთამაშეს დაუწესდა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა, ხოლო კლუბს დააკლდა 6 ქულა და დაჯარიმდა 10 ათასი ლარით.

19 სექტემბერს ტრიბუნალმა საფეხბურთო კლუბის საქმის განხილვამდე ცოტა ხნით ადრე განიხილა ფეხბურთელების სარჩელი და 4 მათგანთან მიმართებაში დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეცვალა, ხოლო ფულადი ჯარიმები ძალაში დატოვა. რაც შეეხება ერთ-ერთ ფეხბურთელს – ლაშა გოგონაიას, მასთან მიმართებით ტრიბუნალმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ძალაში.
ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა პრეტენდენტის საჩივარი, უცვლელი დატოვა კლუბისთვის დაკისრებული სანქციები ჯარიმისა და სატურნირო ცხრილში ქულების დაკლების ნაწილში და ამასთანავე კლუბს დამატებით დაუწესა პირობითი სპორტული სანქცია, დისკვალიფიკაცია 1 წლის ვადით. ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
„დილამ,“ გასულ ოთხშაბათს მეორელიგელ „თელავთან“ საქართველოს თასზე შერცხვენის შემდეგ (0:1), კერკეტ „რუსთავს“ 2:0 სძლია თავის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ და საპრიზო ადგილის დასაკავებლად მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. ეს გორელთა მიჯრით მესამე გამარჯვება გახლდათ ეროვნულ ლიგაში. ამავე შეხვედრაში დაფიქსირდა მორიგი ავტოგოლიც (მე-14 სეზონში). ამჯერად სკუთარ კარში რუსთაველმა ვარლამ კილასონიამ გაიტანა.
თასიდან „ვიტ ჯორჯიასთან“ გავარდნის შემდეგ, როგორც იქნა, გაიმარჯვა „ჩიხურამ“. საჩხერელებმა „სამტრედიას“ მთავარმეგოლე გიორგი გაბედავას დუბლით სძლიეს. ეს 30-ე დუბლი გახლად სეზონში. სოსო ფრუიძის შეგირდებმა ზერდიზედ სამი წაგების შემდეგ იმარჯვეს. „სამტრედია“ კი, თუ მესამელიგელ „გურიასთან“ სათასო წაფორხილებასაც დავუმატებთ, მიჯრით მეოთხედ დამარცხდა.
25-ე ტური: კოლხეთი 1:0 ლოკომოტივი, სიონი 0:0 დინამო, საბურთალო 0:3 ტორპედო, დილა 2:0 რუსთავი, ჩიხურა 2:0 სამტრედია
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
საბურთალო | 36 | 24 | 7 | 5 | 64:29 | 79 |
დინამო | 36 | 21 | 6 | 9 | 73:38 | 69 |
ტორპედო | 36 | 20 | 9 | 7 | 66:25 | 69 |
ჩიხურა | 36 | 19 | 7 | 10 | 54:33 | 64 |
დილა | 36 | 17 | 12 | 7 | 60:40 | 63 |
ლოკომოტივი | 36 | 12 | 8 | 16 | 43:55 | 44 |
რუსთავი | 36 | 8 | 13 | 15 | 33:44 | 37 |
სიონი | 36 | 8 | 7 | 21 | 39:65 | 31 |
სამტრედია | 36 | 4 | 9 | 23 | 28:81 | 21 |
კოლხეთი | 36 | 4 | 8 | 24 | 26:76 | 14 |
26-ე ტური:
27 სექტემბერი: ლოკომოტივი – დილა, დინამო – კოლხეთი, ტორპედო – სიონი
28 სექტემბერი: ჩიხურა – საბურთალო, სამტრედია – რუსთავი
მეგოლეები:
გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 16, მიკოლა კოვტალიუკი, ლეანდრო რიბეირო (ორივე – დილა) – 13, ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 12, ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი ავსტრია) – 11, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) – 9