მსოფლიოს სპორტული ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სურათია,  როგორ უჭერს ვინი ჯონსი პოლ გასკოინს ყვერებში ხელს. ასეთი ბევრი არ არის. ნუ, ვთქვათ, როგორ ადგას თავზე გამარჯვებული კასიუს კლეი რინგზე განრთხმულ სონი ლისტონს და კიდევ რამდენიმე.

ამ კაცობრიობას შემორჩენილი წამიდან 30 წელიწადი გავიდა. ეს ამბავი 1988 წლის თებერვალში, „უიმბლდონისა” და „ნიუკასლ იუნაიტედის” უგოლო შეხვედრის დროს, ყოფილ სტადიონ „ფლაუ ლეინზე” მოხდა.

დღეს გაზა ხარხარებს, ვინი კი იფიცება: „ასეთი რაღაც არც მანამდე გამიკეთებია და არც მერე. მომენტის ამბავი იყო. წინასწარ ნამდვილად არ დამიგეგმავს, გონებაში კი ალბათ ყოველთვის მიტრიალებდა. 12-წლამდელთა გუნდში რომ ვიყავი ერთხელ მწვრთნელმა მითხრა, იცოდე თუ მოწინააღმდეგე ძალიან ახლოს მოვა ყვერებით დაიჭირეო. მეც, როგორც ჩანს, ეს სიტყვები ჩამებეჭდა გონებაში. და არ იფიქროთ, რომ ფოტოზე რამე გათამაშებული ან ტყუილია. პირდაპირ იქ ჩავავლე ხელი სადაც საჭირო იყო და ჩავბღუჯე, აღარ გავუშვი”.

იმ ეპიზოდის გახსენებაზე გაზა დღესაც იშმუშნება. ის იგონებს:

„ხალხი დღემდე მეკითხება, თუ გეტკინაო. შეხედეთ სურათს. სახეზე შემხედეთ. მერე ვინის დაძაბულ ძარღვებს შეხედეთ. და ეს ხდება მაშინ, როდესაც მას მე ჩაბღუჯული ვყავარ. თანამსაჯის დაძახება მინდოდა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. რაღაც დავიკივლე და ეს იყო.

კარგად მახსოვს მატჩის წინ მწვრთნელმა დავალება როგორ მოგვცა. მან ყველას რაღაც აუხსნა, ბოლოს კი მე მომიტრიალდა და მითხრა: „ბედი შენსკენ, შვილო”. თავიდან ვერ გავიგე ეს რას ნიშნავდა, მაგრამ როდესაც ოთახიდან გვირაბში გამოვედით, მივხვდი. მივხვდი იმიტომ, რომ იქ ჩემთან ვინი მოვიდა და მითხრა: ეი, ფუნთუშ, დღეს მე და შენ ვიბრძვით, ხომ იცი? ფეხბურთს არც მე ვითამაშებ და არც შენ გათამაშებ.

თამაშის დაწყებიდან სამ წუთში მსაჯს ვკითხე, კიდევ რამდენი დარჩა, მეთქი. ყველაზე ძნელი კი ის იყო, რომ ძალიან პატარა სტადიონზე ვთამაშობდით და ვინი რასაც მეუბნებოდა, ყველას ესმოდა. ესმოდათ და დამცინოდნენ. იდგა ერთი სიცილ-ხარხარი.

ერთ მომენტში ვინი მეუბნება: ჰო, მართლა, ფუნთუშ, დამავიწყდა მეთქვა, რომ მე კუთხურებს ვაწოდებ. ამიტომ აქ იდექი და დამიცადე. მალე მოვალ. ისეთი დაზაფრული ვიყავი, რომ ვუპასუხე: კარგი, აქ დაგელოდები!

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი თამაში, რომლის დამთავრებაც გამიხარდა”.

მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის იცით? ის, რასაც ვინი დღეს აღიარებს — იმ დღეს გაზაზე მეტად მე ვნერვიულობდიო. ის ამბობს:

„თამაშისთვის რომ ვემზადებოდით ჩვენმა მწვრთნელმა ბობი გოულდმა ერთმანეთში გვათამაშა და მე ჩვენი სათადარიგო მარჯვენა მცველის ენდი კლემენტსის მეურვეობა დამავალა. მან კლემენტსს უთხრა: შენ გაზა იქნები, ყველგან ირბენ და ჩვენ მომავალი შეხვედრის მოდელს შევქმნით.

და კლემენტსმა ვარჯიშზე იმდენჯერ შემომირბინა გარშემო, რომ თავბრუ დამეხვა. ბოლოს გავცეცხლდი, გავვარდი, შხაპი მივიღე და მანქანაში ჩავჯექი. ძალიან ბევრჯერ მქონდა გაგონილი, რომ „ნიუკასლს” მაგარი ბიჭი ჰყავს და ნერვიულობამ ამიტანა. თუკი ჩვენი გუნდის სათადარიგო ფეხბურთელმა ასეთ დღეში ჩამაგდო, გაზა რაღას მიზამს, მეთქი ვფიქრობდი.

ძალიან დაძაბული ვიყავი. დაუსრულებლად მესმოდა, რომ ნიუკასლელ ბიჭს შეუძლია შავ დღეში ჩაგვაგდოს და არ მინდოდა გუნდს ჩემ გამო წაეგო. მოკლედ, საკუთარი თავი დავქოქე. ზედმეტი მომივიდა? შესაძლოა. ვარჯიშებზე არასდროს ვიქცეოდი ისე, როგორც თამაშების დროს. ვარჯიშის დროს არავინ დამილეწია. ვარჯიშზე ღლაბუცი მიყვარდა, მაგრამ, იმ დღეს ეს ზღვარი გადავლახე. ჩემში ბალანსი დაირღვა და როგორც ჩანს ყველაფერი ამის ბრალი იყო.

იმ თამაშის წინ დიდი ვნებათაღელვა იყო. მე და დენის ვაიზი „ნიუკასლის” გასახდელის დალეწვასაც კი ვაპირებდით, რაც ახლა სისულელედ ჟღერს. მაგრამ, ვიცოდი, რომ მე გაზა უნდა გამეჩერებინა და ძალიან მეამაყებოდა, თუ როგორ მოვახერხე ეს.

არ დაგავიწყდეთ, რომ იმ მატჩში არც ყვითელი ბარათი მიმიღია, არც წითელი და არც მატჩის შემდეგ ყოფილა რაიმე გაგრძელება. ეს ყველაფერი დღეს რომ მომხდარიყო ალბათ 6 თვიან დისკვალიფიკაციას მომისჯიდნენ”.

მატჩის დამთავრების შემდეგ კიდევ ერთი სახალისო ამბავი მოხდა: გაზამ ვინი ჯონსს გასახდელში წითელი ვარდები გაუგზავნა, ჯონსმა კი საპასუხოდ ტუალეტის ჯაგრისი დაუბრუნა.

და ეს მათი ბოლო დაპირისპირება არ ყოფილა.

გაზა იგონებს: „არ დამავიწყდება, „ელანდ როუდის” დერეფანში მივდიოდი. „ტოტენჰემი” ლიდსში თამაშობდა. და უცებ, დარბაზში ვინი დავინახე, რაღაც რკინებს გრეხდა. სულ აღარ მახსოვდა, რომ ის „ლიდსში” გადავიდა. „ფუ, შენი!” — გავიფიქრე მის დანახვაზე. ეჭვი არ არის, ის ჩემი ყველაზე დაუნდობელი მოწინააღმდეგე იყო. ის გახლდათ ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგ თამაში არასდროს მსურდა. ის 90 წუთის განმავლობაში საშიში იყო. მეორე მხრივ, სიამოვნებით მეყოლებოდა ვინი თანაგუნდელად. ყველასგან დამიცავდა”.

ვინის კი „ფლაუ ლეინზე” გამართული მატჩიდან ორი კვირის შემდეგ „სენტ ჯეიმს პარკზე” 3:1 გამარჯვების გახსენება უყვარს. იმ წელიწადს „უიმბლდონმა” ამ გზით ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგო.

„თამაშის მერე ატყდა თუ ატყდა… დეივ ბიზენტი მოდიოდა, მირანდინიამ კი მივარდნა და კარატისტივით წიხლის მირტყმა სცადა. მე და ვაიზი გამოვეკიდეთ, ხალხში მოუხდა შემალვა”.

მირანდინიას ხსენებაზე გაზასაც აუციმციმდა თვალები. ბრაზილიელ თანაგუნდელზე მას თავისი მოგონება აქვს:

„მირანდინია? ეგ ნამდვილი გიჟი იყო. გუნდში სულ პრობლემები ჰქონდა. ბევრი ვერ იტანდა. პირველი, ვისაც მასთან ჩხუბი მოუვიდა, მე ვიყავი.

ნორვიჩში ცენტრს აქეთ ჯარიმა დაინიშნა. მან ჩამოირბინა, ხელი მკრა და მითხრა: „აქ, ჯარიმებს მე ვარტყამ”. ეტყობა, ეგონა, რომ 60 მეტრიდან გაიტანდა. გამოქანდა, დაარტყა და მგონი კუთხურის ალამს მოახვედრა. თამაშის მერე გაქაჩვა მოგვივიდა. სახეში გამარტყა. ნამდვილი გიჟი იყო”.

თუმცა, მირანდინიას გაზაზე გულში ბოღმაც ჰქონია და აი, რატომ.

გაზა: „ჩვენს გუნდში რომ გადმოვიდა, სასადილოში ჩემს გვერდით აღმოჩნდა. სტეიკს და ფრის ვჭამდი. მკითხა, ეს როგორ შევუკვთოო. მე ვუთხარი, ოფიციანტს „ბანჯგვლიანი …-ის” მოტანა სთხოვე, მეთქი. ოფიციანტი ქალი იყო, და შეკვეთა რომ მოისმინა მირანდინიას სილა გააწნა. მაშინ მწვრთნელმა ბრაზილიელთან ლაპარაკი სამუდამოდ ამიკრძალა”.