პირველი შეყრა

ათიოდე წლის წინათ, ამერიკულ გაზეთებში გამოჩნდა ცნობა იმის თაობაზე, რომ მილანის განთქმულ “ლა სკალაში” როლანდ ლა სტრაზა იმღერებს. კაცი იფიქრებდა, რომ ვინმე გამოჩენილ მომღერალზეა ლაპარაკიო, მაგრამ ოპერის მოყვარულთათვის ეს სახელი უცნობი იყო და იტალიური სცენისკენ დაძრული ამერიკელი დიდად საინტერესო ვინმედ არ ჩანდა.

მაგრამ განა ოპერის მოყვარულებმა იცოდნენ, ვინ იყო როლანდ ლა სტრაზა?

როლანდ ლა სტრაზა იყო კომერციული რეისების მფრინავი, ავიაინსტრუქტორი, ტელესერიალების ვარსკვლავი, ჰოლივუდის მსახიობი, რანჩერი… მოკლედ, ყველაფერი და რა გასაკვირია, რომ სიმღერაშიც ეცადა თავი? მაგრამ ეს ყველაფერი, ლა სტრაზა შეიქნა 1961 წლის შემდეგ. ესე იგი, მას შემდეგ, რაც რინგს გამოეთხოვა.

დიახ, როლანდ ლა სტრაზა განთქმული მოკრივე იყო. 50-იანი წლების მძიმეწონოსანთა ომების ისტორია სრულიად წარმოუდგენელია ამ კაცის გარეშე.

ახლა ლა სტრაზა სამოცდაათი წლის კაცია და ფლორიდაში, სმირნა ბიჩზე ცხოვრობს, რის გახსენება უყვარს თავისი საკრივო წარსულიდან? რა თქმა უნდა, იმის, რაც კარგად ახსოვს კრივის ძველ ქომაგებსაც: 50-იან წლებში როლანდი ორჯერ შეხვდა როკი მარჩიანოს. ეს დაუვიწყარი ბრძოლები იყო. როკიმ, ცხადია, იმარჯვა,  მაგრამ ლა სტრაზას შეუძლია იამაყოს და იდავოს.

ეს იყო 1950 წელი. ეს რომ ყოფილიყო 1974 წელი, ლა სტრაზა-მარჩიანოს პირველი შერკინების გამო პოემები დაიწერებოდა. და ისე, როგორც გვიანდელი დიადი ორთაბრძოლები, ეს ორთაბრძოლაც ლეგენდარულად გამოცხადდებოდა. მაგრამ ეს იყო 1950 წელი, დრო, როცა კრივში მაფიოზები ტრიალებდნენ და მისი მაყურებელი და ქომაგიც ძირითადად საეჭვო ღირსების და არცთუ სავსე ჯიბის ხალხი იყო. ასეთი ხალხი და პლუს ერნესტ ჰემინუეი, რომელიც კუბაზე კი ცხოვრობდა, მაგრამ დიდ საკრივო სანახაობებს თვალს ადევნებდა და აქებდა.

სხვაფრივ კი, აბა, რა ხმაური უნდა ყოფილიყო? 1950 წლის 24 ივნისს “მედისონ სკვერ გარდენში” ერთმანთს უნდა შეხვედროდა ორი იტალიელი. მძიმე წონის იმდროინდელი რეიტინგით ლა სტრაზა იყო მეხუთე, როკი მარჩიანო კი მეექვსე. მაშინ მეფობდა ჯო ლუისი და ეს ბრძოლა შინაურ, იტალიურ საქმედ ჩანდა. მარჩიანო დაუმარცხებელი იყო, ოცდაექვსი გამარჯვებიდან, ოცდაოთხი ნოკაუტი მოეხერხებინა. დაუმარცხებელი იყო ლა სტრაზაც. მას ოცდაჩვიდმეტი ბრძოლა მოეგო. აქედან ჩვიდმეტი – ნოკაუტით.

როკი მარჩიანო (მარცხნივ) და როლანდ ლა სტრაზა პირველი დიდი ბრძოლის წინ

ნიუ იორკელ იტალიელთათვის ეს არ იყო უბრალო შერკინება. ეს რაღაცას ნიშნავდა. ინტელიგენტი ებრძოდა პროლეტარს. ლა სტრაზა და მარჩიანო თითქოსდა იტალიელ ემიგრანტთა ორ სხვადასხვა ფრთას განასახიერებდნენ.

ლა სტრაზა ნიუ იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაღალი, წარმოსადეგი და ინტელიგენტური იყო. ამბობდნენ, რომაელ პატრიციუსთა შთამომავალს ჰგავსო. მარჩიანი კი ფეხსაცმელების ფაბრიკის მუშად იყო ბროკტონში, მასაჩუსეტსში. მათი ორთაბრძოლა განასახიერებდა ჯანისა და გონების ოდინდელ ჭიდილს.

ლა სტრაზა კლასიკური სკოლის მოკრივე იყო, წელგამართული იბრძოდა, სისწრაფე, წონა და ჯანი რომ შესაფერისი ჰქონოდა, ჯო ლუისსაც კი შეადარებდი.

მარჩიანო იყო კიდურებდაგრეხილი, მოუსვენარი, როგორც მაშინ ამბობდნენ, პრიმიტიულად შემტევი გლადიატორი დაკუნთული მკლავებით. მისი ერთადერთი ტაქტიკა თავდავიწყებული შეტევა იყო.

ბრძოლა

ეჰ, კარგახანია აღესრულა როკი მარჩიანო. ამ დიდ მოკრივეს ტრაგიკულმა შემთხვევამ მოუსწრაფა სიცოცხლე. ამიტომ მოგონებათა წერის საშუალება მხოლოდ როლანდ ლა სტრაზას აქვს.

მარჩიანომ (მარჯვნივ) სტრაზას გაჭირვებით მოუგო და მისი გზაც დიდებისკენ იმ დღეს დაიწყო

იმ პირველი ბრძოლისას, ლა სტრაზა დარწმუნებული ყოფილა, რომ გაიმარჯვებდა. მას მშვენივრად ჰქონია შესწავლილი როკის საბრძოლო სტილი და თავისი კლასიკური ტაქტიკით უპირისპირდებოდა მის ქარბორბალისებრ შეტევებს. ბრძოლა თანაბარი იყო. ლა სტრაზა ურტყამდა და განზე გადიოდა, გაურბოდა როკის და ამით გვარიან უპირატესობასაც აღწევდა. მარჩიანოს ერთხელაც არ გამოუვიდა თავისი განთქმული “მკვლელის” შეტევა. დარტყმათა რაოდენობით ლა სტრაზა იგებდა.

მაგრამ მეოთხე რაუნდი რომ დადგა, მარჩიანომ აღაფრთოვანა “მედისონ სკვერში” შეკრებილი 13658 მაყურებელი. ის გამხეცებული ხარივით გამოვარდა მოედანზე და ხორცსაკებიც ჩართო. ლა სტრაზამ ნოკდაუნი იგემა, მაგრამ ოთხ დათვლაში წამოდგა. როკიმ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მერვე რაუნდში, როცა მარჯვენა მომაკვდინებლად დაჰკრა ლა სტრაზას, მაგარმ ეს საოცარი მუშტი რეფერი ჯეკ უოტსონმა გააუქმა, რახან იმავ წამს მარჩიანომ ქამარს ქვემოთ დარტყმა იკადრა.

მიუხედავად ამ ორი ეპიზოდისა, ბრძოლა მაინც თანაბარი იყო. ლა სტრაზას მხარეს აშკარად მეტი დარტყმა უნდა დათვლილიყო, მაგრამ ეს პროფესიონალებს შორის არ ითვლებოდა. ათრაუნდიანი შერკინება, რინგსგარეთა მსაჯებიდან ერთმა, არტურ შვარცმა 5-4-1-ზე დათვალა მარჩიანოს სასარგებლოდ. რეფერი უოტსონს ფრე 5:5 ჰქონდა ხელთ და უკვე თავად უნდა გადაეწყვიტა.

მალე გამომცხადებელმა ბაფთა შეისწორა ყელზე, მიკროფონს ჩასუნთქა და გამოაცხადა: “ქულებით, რომლებიც რეფერიმ შეაჯერა, გაირკვა, რომ ექვს რაუნდში უმარჯვია მარჩიანოს, ოთხში კი ლა სტრაზას”.

ასე წააგო როლანდ ლა სტრაზამ თავისი პირველი ბრძოლა.

ჟურნალისტებმა დიდი ხმაური ატეხეს.

ასოშეიტედ პრესმა თავისი ვერსია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ლა სტრაზა გამარჯვებული იყო. არცთუ ცოტა ქომაგს სჯეროდა, რომ როლანდს მოგება ცხვირწინ ააცალეს.

თავად ლა სტრაზა დღეს ასე ამბობს:

“მე ვიცოდი, რომ ეს ძალიან რთული ბრძოლა იყო. მასში გამარჯვებულის აღიარება დიდ ფიქრს მოითხოვდა. ჩვენ, იტალიელებს ასეთი ანდაზა გვაქვს, კაცს თავისი ბოზი ცოლი ღვთისმშობელი ეგონაო. მეც და როკიც დარწმუნებულნი გახლდით, რომ გავიმარჯვეთ. მე იმიტომ მჯეროდა ჩემი გამარჯვებისა, რომ აშკარად მეტჯერ დავარტყი. როკის კი თავისი აქტიურობის იმედი ჰქონდა. რეფერიმ მის სასარგებლოდ გადაწყვიტა, მაგრამ საკრივო მწერლებმა მე ჩამთვალეს გამარჯვებულად. დღეს წარმოუდგენიათ, რომ როკი მარჩიანო მოუხელთებელი და დაუმარცხებელი მოკრივე იყო. დამერწმუნეთ, ასეთი როკი უფრო გვიანდელი ამბავია. ჩვენი პირველი შეხვედრისას ის სულაც არ გახლდათ უჩინარი კაცი. ის ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომლის გალახვაც დიდი პრობლემა არ იყო”.

ლოდინი

სანამ ლა სტრაზა – მარჩიანოს პირველი ჩხუბი ჩატარდებოდა, როკის გაქნილმა მენეჯერმა ელ ვეილმა სასტუმროში მიაკითხა როლანდს და უთხრა:

“როლ, ჩვენ თანახმანი ვართ, რომ მეორედაც შევხვდეთ ერთმანეთს”.

“მე ყოველთვის რემატჩის მომხრე ვიყავი”, – მიუგო ლა სტრაზამ.

“კარგი, მაშ ბრძოლის შემდეგ დავილაპარაკოთ”.

“ო კეი”.

მაგრამ რემატჩი, ჩვენებურად მატჩ-რევანში არ ყოფილა. ვეილი თავიდან იმიტომ თუ იჭერდა თადარიგს, რომ მარჩიანოს იმედი არ ჰქონდა, არ ეგონა, თუ როკი ლა სტრაზას დაამარცხებდა და ამიტომ თავიდანვე გაურიგდა როლანდს, იგულისხმა თუკი წავაგებთ, რევანშის საშუალება ხელში გვექნებაო.

მაგრამ რემატჩი არ ყოფილა. ელმა იუარა, ახლა სხვა ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთო.

ასე დასრულდა ლა სტრაზას დიდი საკრივო კარიერა.

“ელ ვეილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ როკის აღარსად შევხვედროდი”, – ჰყვება ლა სტრაზა – “შემდეგ სამ წელიწადს როკის საუცხოო კონტრაქტები ჰქონდა, მე კი ლამის იყო ორი ბოთლი ლუდისთვის მაჩხუბებდნენ. ეს ყველაფერი ვეილის მარიფათზე იყო დამოკიდებული. ის თავის ბიჭს ქაჩავდა”.

სრულ სამ წელიწადში ლა სტრაზამ გამართა თვრამეტი ორთაბრძოლა, რომელთგან წააგო ორი – დენ ბუკერონისთან და როკი ჯონსთან, მაგრამ ორივე ამათგანს რემატჩში სძლია და თავიც დაიკმაყოფილა.

თუმცა, სრული და დიდი კმაყოფილება შორს იყო.

იმ სამ წელიწადში როლანდ ლა სტრაზა არ მიუშვეს ჯო ლუისთან, ეზარდ ჩარლზთან, ჯერსი ჯო უოლკოტთან და ბობ მარფისთან საბრძოლველად. ესეც, რა თქმა უნდა, მრავლისშემძლე ელ ვეილის წყალობით ხდებოდა. მან კარგად იცოდა, თუ საიდან ელოდა ხიფათი როკის, რომელიც უკვე უპირველეს მოკრივედ იყო აღიარებული და თავისი ჩემპიონობის ფორმალურ ბრძოლასღა ელოდა.

ელ ვეილი მაშინ მთავარი მატჩმეიკერიც (ჩხუბების მომწყობი) იყო “მედისონ სკვერ გარდენში”. აქ მოკრივის გამოსვლა მის ხელში იყო. ისევე გახლდათ იმ დროის დონ კინგი, ოღრაში მანიპულატორი, რომელსაც პრობლემები არაფერში სჭირდებოდა.

მაგრამ მთელი სამი წლის განმავლობაში როლანდ ლა სტრაზას სჯეროდა, რომ ელ ვეილი კვლავ მოაკითხავდა. მას კვლავ დასჭირდებოდა ინტელიგენტი მოკრივე, რათა სხვაგვარი, უკვე გამარჯვებული და უძლიერესი როკის ხელში ჩაეგდო და ეთქვა: “რაც მაშინ მოხდა, შემთხვევითობა იყო. აი, ახლა ნახეთ.”

ლა სტრაზა მოთმინებით ელოდა ამ დღეს.

როკის სამი წელიწადი

იმ სამ წელიწადში, როცა როლ ლა სტრაზა მისივე თქმით, ორი ბოთლი ლუდისთვის ჩხუბობდა, მეჯღანე როკისგან ახალი, მძლავრი როკი იქმნებოდა. ამ როკის ელ ვეილი და მწვრთნელები გლედმენი ძერწავდნენ. როკი აღარ იყო უსწავლელი გლადიატორი, ის დიდ მოკრივედ ქცეულიყო. სწორ და ჭკვიანურ წვრთნას როკი მარჩიანო მწვერვალებისკენ მიჰყავდა.

იმ სამ წელიწადში, მარჩიანომ ლა სტრაზასი არ იყოს, თექვსმეტი ბრძოლა მოიგო, ოღონდ, არც ერთი არ წაუგია. თექვმეტიდან თექვსმეტი.

ეს უკვე სხვა კაცი იყო. მობერებული ჯო ლუისი ნოკაუტით დასცა და ნოკაუტითვე წაართვა მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული ჯერსი ჯო უოლკოტს. შემდეგ  იყო რემატჩი და პირველსავე რაუნდში როკიმ ნოკაუტით დასცა უოლკოტი. მსოფლიო დაპყრობილი იყო. მძიმე წონას კვლავ დიდი, თეთრი ჩემპიონი ჰყავდა.

და სწორედ ამ დროს, რევანშიდან ორიოდ დღის შემდეგ, სატელეფონო ზარი გაისმა. ეს ის იყო, რასაც როლანდ ლა სტრაზა სამ წელიწადზე მეტხანს ელოდა. ელ ვეილს თავისი პირობები ჰქონდა:

რიგით მეორე მარჩიანო – ლა სტრაზაა ნიუ იორკის პოლო გრაუნდზე გაიმართებოდა 1953 წლის 24 სექტემბერს. სავარაუდოდ ორთაბრძოლას 45 ათასი მოსეირე დაესწრებოდა.

და მაინც

როლანდ ლა სტრაზას, ვისთვისაც ეს სამი წელიწადი სულაც არ იყო აღმასვლისა, შეეძლო უარი ეთქვა. როკი მარჩიანო მწვერვალზე იყო, ლა სტრაზა არ გაუშვეს მწვერვალისკენ. და ის მაინც დათანხმდა. დათანხმდა სწორედ იმ დროს, როცა ყალიბდებოდა აზრი, რომ როკი მარჩიანო ყველაზე უკეთ შეჯავშნული მძიმეწონოსანია და თითქმის შეუძლებელია მისთვის ფასეულად, შთამბეჭდავად დარტყმა. ესეც ელ ვეილის ხელი იყო, როკიმ დაცვა შეისწავლა და თითქოს ამ საქმისთვის დაბადებული გამოდგა.

არა, მარჩიანო გენიალური მოკრივე იყო! ის გენიალურ მოკრივედ იქცა.

ლა სტრაზა კი წინასამატჩო ვარჯიშებს შედგომოდა. დროის უმეტეს ნაწილს მძიმე ტომარასთან ატარებდა, ცდილობდა, თავისი მუშტისთვის მეტი ძალა მიეცა, კრივზე მწერლები ამბობდნენ, რომ ის კვლავაც რჩებოდა შთამბეჭდავ, ჭკვიან მძიმეწონოსნად, თუმცა ბუქმეიქერები თვლიდნენ, რომ ფსონი 6:1-ზეა, როკის სასარგებლოდ.

ესეც იყო, რომ ამ სამ წელიწადში მარჩიანომ ძალიან ბევრი რამ ისწავლა, ლა სტრაზა კი დარჩა იმად, რაც იყო…

მეორე ბროლის ამბავს და ასევე, როკი მარჩიანოს მცირე საკრივო პორტრეტს ორი კვირის თავზე შემოგთავაზებთ.

08.08.1998

წილი
წინა სტატიაკლოპმა ამაზონი გასახდელთან ჩახერგა
შემდეგი სტატიაბასილაშვილის ფრანგული დრამა
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.