პირველი რაუნდი მორჩა. ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტი ნაკრები აღარ დარჩა და 21 სექტემბრიდან მეორე რაუნდის კვარტეტთა კვარტეტში დაძაბული მატჩების ხვედრითი წილი ბევრად მაღალი იქნება. თან, ორგანიზატორების მახვილგონივრული ჩანაფიქრით, ახალი, E, F, G, H-ჯგუფების კომპლექტაცია უკვე ჩატარებული მატჩების განმეორებას გამორიცხავს. მაგალითად, E-ჯგუფში მოხვდნენ: A-ჯგუფის პირველადგილოსანი (იტალია), B-ჯგუფის მეორეადგილოსანი (ჰოლანდია), მესამე ადგილზე გასული ნაკრები C-ჯგუფიდან (რუსეთი) და მე-4 ადგილის მფლობელი D-ჯგუფში (ფინეთი). ორიგინალური ფორმულაა, რომლის სხვა საბურთაო სახეობებში მოსინჯვაც არ იქნებოდა ურიგო.
საწყისი ეტაპის მეოთხე ტურის ცენტრალური თამაში B-ჯგუფის კანადა-ბრაზილია იყო, სადაც სამხრეთელებმა უჩვენეს, რომ ჰოლანდიასთან შოკისმომგვრელი წაგება მათთვის მხოლოდ დროებითი ჩავარდნა იყო. განსაკუთრებით მეოთხე მეოთხედში მოედანზე ბრაზილია მძლავრობდა, ხოლო კანადა წინა წერილში ჩვენმა მოსაზრებამ დათარსა, რომ მისი პირველი ადგილი უფრო სუსტებზე (ეგვიპტე, ტუნისი) მძლავრობით იყო მოპოვებული, ვიდრე თამაშის მაღალი ხარისხით. იგივე განმეორდა კანადა-საფრანგეთის შეხვედრაშიც, სადაც კანადელებმა მეორე უმწეო წაგება იგემეს.
რუსეთ-სერბეთის სლავურ დერბიში ფავორიტი ძნელი განსაჭვრეტი არ იყო. ისტორიული ჩანაწერებით თუ მიმდინარე შემადგენლობით, რუსები სერბებს ერთობ აღემატებიან, მაგრამ გუშინდელი თამაშის შედეგს საშინლად მოულოდნელს ვერ უწოდებს კაცი. წლევანდელი სერბეთის ნაკრები გამოირჩევა ჟინიანი და საზრიანი თამაშით, რამაც პირველ ტურში კინაღამ აშშ-ს ნაკრების დასამარცხებლადაც იკმარა. რუსებთან სერბებმა დამაჯერებლად მოიგეს პირველი პარტია და ბოლო წამს წააგეს მეორე. მესამე პარტიაში მოედანზე საერთოდაც ერთი ნაკრები (სერბეთი) ჩანდა, მაგრამ რუსები ერთხელაც შემობრუნდნენ მეოთხე პარტიაში და საქმე ტაი-ბრეიკზე გადასაწყვეტად იქცა. მოცემულ ბმულზე გადასვლისას გახსნილ ვიდეოზე შეგიძლიათ პირდაპირ 12:47-ზე გადაახვიოთ და იხილოთ მთელი თამაშის გარდამტეხი მომენტი, როცა ნიკოლა იოვოვიჩმა დიაგონალზე რუსის მიერ უძლიერესად დარტყმული ბურთი მოიგერია და ანგარიში 11:11 გახდა. ამ ეპიზოდის ფსიქოლოგიური ეფექტი ისეთი იყო, რომ რუსები გატყდნენ და ტაი-ბრეიკი 12:15 წააგეს. მათ აქვთ შფოთვის საფუძველი – ევროპის ჩემპიონის სტატუსით პირველ ჯგუფურ ეტაპზე ხუთიდან ორი წაგებული თამაში ანალიზს და ცვლილებებს მოითხოვს.
ქულათა დარიცხვის ახალ, 2007 წელს შემოღებულ სისტემასთან დაკავშირებული, ოდნავ კურიოზულად შეფერილი ამბავი მოხდა A-ჯგუფში არგენტინა-იაპონიის თამაშზე. იაპონიამ პირველი პარტია მძიმე ბრძოლით მოიგო (26:24), მეორე შედარებით ადვილად დათმო (20:25), ხოლო მესამე პარტიაში, ცოტა ძველებურად რომ ვთქვათ, “ბოლშე-მენშეებით” კაიხანს გაგრძელდა თამაში და როცა არგენტინელებმა ბოლო ჩაგდებით პარტია სათავისოდ დაინარჩუნეს (32:30), მომდევნო რაუნდში გადასვლის ზეიმსაც იქვე შეუდგენენ, მიუხედავად იმისა, რომ თამაში ჯერაც არ დამთავრებულიყო. რაშია საქმე? 2 პარტიის მოგებით, არგენტინამ მინიმუმ 1 ქულა დაიბევა, ხოლო თამაში რომც წაეგო (და ასეც მოხდა, იაპონელებმა დასკვნითი ორი პარტია მოიგეს და 3:2 გამარჯვება გაიფორმეს), მეტოქეს მხოლოდ 2 ქულა დაერიცხებოდა, რაც არასაკმარისი იყო იაპონელთა მეოთხე ადგილზე გასაჭრელად. თამაში იაპონიას 3:0 ან 3:1 რომ მოეგო, იაპონია 3 ქულას მიიღებდა, არგენტინა – არაფერს და მომდევნო რაუნდსაც ამომავალი მზის ქვეყნელები უწევდნენ.
მეორე ჯგუფურ რაუნდში გუნდები პირველი ეტაპის მონაგრით გადავიდნენ, ანუ პოლონეთს, იტალიას და აშშ-ს, რომელთაც ჯერ თამაში არ წაუგიათ, ყველაზე კარგი სასტარტო პოზიცია ერგებათ.
ახალი ჯგუფების შემადგენლობა ასეთია: E-ჯგუფი – იტალია, ჰოლანდია, რუსეთი, ფინეთი; F-ჯგუფი – ბრაზილია, ბელგია, სლოვენია, ავსტრალია; G-ჯგუფი – აშშ, ირანი, ბულგარეთი, კანადა; H-ჯგუფი – პოლონეთი, სერბეთი, საფრანგეთი, არგენტინა.
პირველი ჯგუფური ეტაპი. საბოლოო შედეგები
ჯგუფი A
| ნაკრები | თამაში (მოგება-წაგება) | პარტია (მოგება-წაგება) | ბურთები (ჩაგდებული-მიღებული) | ქულა |
|---|---|---|---|---|
| იტალია | 5-0 | 15-2 | 423-326 | 15 |
| ბელგია | 3-2 | 11-8 | 419-394 | 10 |
| სლოვენია | 3-2 | 12-10 | 479-463 | 9 |
| არგენტინა | 2-3 | 10-11 | 475-469 | 6 |
| იაპონია | 2-3 | 8-11 | 414-427 | 5 |
| დომინიკის რესპუბლიკა | 0-5 | 1-15 | 267-398 | 0 |
ჯგუფი B
| ნაკრები | თამაში (მოგება-წაგება) | პარტია (მოგება-წაგება) | ბურთები (ჩაგდებული-მიღებული) | ქულა |
|---|---|---|---|---|
| ბრაზილია | 4-1 | 13-6 | 439-405 | 11 |
| ჰოლანდია | 4-1 | 12-8 | 455-420 | 11 |
| საფრანგეთი | 3-2 | 13-7 | 456-420 | 11 |
| კანადა | 3-2 | 11-7 | 426-408 | 9 |
| ეგვიპტე | 1-4 | 4-13 | 368-426 | 3 |
| ჩინეთი | 0-5 | 3-15 | 375-440 | 0 |
ჯგუფი C
| ნაკრები | თამაში (მოგება-წაგება) | პარტია (მოგება-წაგება) | ბურთები (ჩაგდებული-მიღებული) | ქულა |
|---|---|---|---|---|
| აშშ | 5-0 | 15-5 | 456-383 | 13 |
| სერბეთი | 4-1 | 14-7 | 476-430 | 12 |
| რუსეთი | 3-2 | 12-6 | 422-366 | 10 |
| ავსტრალია | 2-3 | 9-11 | 428-442 | 7 |
| კამერუნი | 1-4 | 4-12 | 334-398 | 3 |
| ტუნისი | 0-5 | 2-15 | 317-414 | 0 |
ჯგუფი D
| ნაკრები | თამაში (მოგება-წაგება) | პარტია (მოგება-წაგება) | ბურთები (ჩაგდებული-მიღებული) | ქულა |
|---|---|---|---|---|
| პოლონეთი | 3-0 | 15-3 | 445-343 | 15 |
| ირანი | 4-1 | 12-7 | 437-400 | 11 |
| ბულგარეთი | 3-2 | 11-6 | 395-368 | 9 |
| ფინეთი | 2-3 | 9-12 | 453-471 | 6 |
| კუბა | 1-4 | 6-13 | 392-436 | 3 |
| პუერტო-რიკო | 0-5 | 3-15 | 331-435 | 1 |





