რობერტო ფირმინო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მსაჯის წამატებულ წუთებზე გოლი შეაგდო — ეს იყო გამარჯვების დარტყმა, რომელმაც „ენფილდ როუდზე” გრძნობათა ენითაუწერელი ვულკანი ამოხეთქა. მერსისაიდელებისა და „პარი სენ ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი ნამდვილი ბლოკ-ბასტერი გამოდგა. „ლივერპული” 2:0-ს იგებდა, პარიზელებმა 83-ე წუთზე გაათანაბრეს და მერე კი მოხდა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ.

ფირმინო სათადარიგოთა სკამზე იმიტომ იჯდა, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში, „ტოტენჰემთან” შეხვედრაში, ლონდონელთა მოთამაშემ იან ვერტონგენმა თვალში თითი ატაკა. საბედნიეროდ, ფირმინო გადარჩა და პსჟ-სთან გოლიც ფრიად ორიგინალურად აღნიშნა — ნატკენ თვალზე თითი აიფარა. მატჩის შემდგომ „წითლების” თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა, ახლა ხელაფარებული ბრაზილიელის გამოსახულებით მაისურებს გავყიდითო.

ლივერპულელთა მარცხენა მცველის ენდრიუ რობერტსონის კომენტარი კი ასეთი გახლდათ: „ბოლოწამს გატანილ გოლზე დიდებული არაფერია. ბობიმ საუცხოო გოლი შეაგდო. ის მოედანზე შევიდა და გამარჯვება მოგვიტანა”.

როგორც მოგახსენეთ, თავიდან გოლები გაიტანეს მასპინძლებმა: დანიელ სტარიჯმა (ექვსი წელიწადია ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა) და ჯეიმს მილნერმა, პენალტით. შემდეგ პარიზელთა ჯერი დადგა — ტომა მუნიემ და კილიან მბაპემ ანგარიში გაქვითეს. შეხვედრის ბოლო გოლი ფირმინოსი იყო.

სტარიჯმა თქვა: „სწორედ დღეს ვფიქრობდი ამაზე. ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს მგონი მაშინ გავიტანე „ჩელსიში” რომ ვთამაშობდი და მათ ამ გოლის წყალობით მოიგეს”.

და ერთადერთი, რაც გულშემატკივრისთვის გაუგებარი დარჩა „ლივერპულის” ეგვიპტელი ვარსკვლავის მო სალაჰის რეაქცია (იხილეთ ვიდეო) იყო. რა იყო ეს, სალაჰს ფირმინოს გოლი ეწყინა თუ სიხარული ასე გამოხატა? — კითხულობენ ინგლისური გაზეთები და ფეხბურთის მოყვარულები.

C ჯგუფში „ცრვენა ზვეზდამ” და „ნაპოლიმ” 0:0 ითამაშეს.