მესუთ იოზილის მრჩეველი ერქუთ სოგუთი თითქოსდა ძველ, მაგრამ ჯერაც აქტუალურ თემას დაუბრუნდა — ფეხბურთელის ნაკრებიდან წასვლიდან რვა კვირის თავზე მან ჟურნალ 11Freunde-სთან ინტერვიუში თქვა:
„მესუთი არაფერში შემცდარა. ყველაფერი სწორედაც ასე უნდა მომხდარიყო. როდესაც პრეზიდენტი შეხვედრას გთხოვს, ელემენტარული ეტიკეტის ამბავია, რომ მიხვიდე”.
ძნელი მისახვედრი არ არის, რაზეა ლაპარაკი. საქმე ეხება მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი ხნით ადრე იოზილისა და ილქაი გუინდოგანის მიერ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ-თაიფ ერდოღანთან ერთად ლონდონში გადაღებულ ფოტოს, რომელმაც გერმანიაში დიდი მღელვარება გამოიწვია. ერქუთ სოგუთმა იოზილის მიმართ ხისტი პოზიციის გამო რამდენიმე გერმანელი ფეხბურთელის წინააღმდეგაც გაილაშქრა.
კერძოდ, სოგუთმა მანუელ ნოიერი, ტონი კროოსი და თომას მიულერი გააკრიტიკა. მრჩეველმა თქვა, რომ მათი პოზიცია ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი და უადგილო იყო.
„ისინი ან გულუბრყვილოები არიან ან თავიანთი სიტყვები გათვლილი აქვთ” — განაცხადა მან.
კროოსმა „ბილდთან” ინტერვიუში თქვა, რომ იოზილის განცხადება, რომელიც მან ნაკრებიდან წასვლას დაურთო და სადაც რასიზმზე ილაპარაკა, „მაღალპროცენტიანი სისულელე იყო”. ნოიერმა, მიულერმა და მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმაც კატეგორიულად უარყვეს, რომ ბუნდესნაკრებში რაიმე რასიზმისმაგვარს ჰქონდა ადგილი.
შეგახსენებთ, რომ იოზილმა საკმაოდ ვრცელ, სამნაწილიან განცხადებაში გერმანიის საფეხბურთო კავშირს, მის პრეზიდენტ რაინჰარდ გრინდელსა და ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ფრიად სერიოზული ბრალდებები წამოუყენა.