იურგენ კლოპი ამბობს, რომ მისმა „ლივერპულმა” „თამაშების მოკვლა” უნდა ისწავლოს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იმის მტკიცება, რომ რაკიღა გუნდი გასულ სეზონში ფინალში იყო, ახლა მაინცდამაინც უნდა გაიმარჯვოს, გერმანელი მწვრთნელის აზრით გადაჭარბებულია.

შაბათს მერსისაიდელები სტუმრად „ტოტენჰემ ჰოთსპურს” შეხვდნენ და 2:1 მოუგეს. ანგარიში ჟორჟინიო ვინალდუმმა გახსნა, მეორე რობერტო ფირმინომ შეაგდო, „დეზებმა” კი მხოლოდ მსაჯის წამატებულ წუთებზე შეძლეს თავიანთი გოლის გატანა — ეს ერიკ ლამელამ მოახერხა, მაგრამ კლოპი მაინც უკმაყოფილო დარჩა. საქმე ის არის, რომ იყო ეპიზოდი, როდესაც „ლივერპულის” ვარსკვლავმა მო სალაჰმა ბურთი უკეთეს მდგომარეობაში მყოფ საიდო მანეს კი არ გადააწოდა, თვითონ დაარტყა და ვერ გაიტანა. ამ მომენტში გერმანელმა მწვრთნელმა მოედნის კიდესთან აშკარა უკმაყოფილება გამოხატა და ჟესტიკულაციით გაითამაშა კიდეც, რომ სალაჰს პასი უნდა მიეცა. გოლი რომ გასული, „ლივერპული” თამაშს მოკლავდა.

კილიან მბაპე და ნეიმარი თამაშს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდნენ

ერთი ხნის შემდეგ მანემ სალაჰს იმავეთი გადაუხადა. დღეს, „წითლების” ასეთი ქცევის შემყურე ინგლისური პრესა კითხულობს, მიაღწევენ კი ლივერპულელები საწადელს ჩემპიონთა ლიგაში, თუკი სამშაბათს, „პარი სენ ჟერმენთან” იმავეს გააკეთებენ?

აქვე აღსანიშნავია, რომ შაბათის შეხვედრაში მსაჯმა „ტოტენჰემის” სასარგებლოდ „ლივერპულის” კარში უდავო პენალტი არ დანიშნა.

მატჩის შემდეგ კლოპმა თქვა: „ვიცოდი, რომ სალაჰის ეპიზოდზე ჩემი რეაქცია უყურადღებოდ არ დარჩებოდა და მის შესახებ აუცილებლად მკითხავდნენ. მოგახსენებთ. მე მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა გოლები გაიტანონ და ამისკენ მოვუწოდებ კიდეც, მაგრამ არის მომენტები, როდესაც კარში კი არ უნდა დაარტყა, პასი უნდა გადააწოდო.

ახლა შევეცდებით „პარი სენ ჟერმენს” მზად შევხვდეთ, თუმცა ვიცით, რომ ჩვენ წინააღმდეგ ძლიერი გუნდი, დიდი ევროპული პროექტი ითამაშებს, რომელმაც პარასკევს საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში თავისი ორი წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა”.

„პარი სენ ჟერმენმა” პარასკევს „სენტ ეტიენს” 3:0 მოუგო. პარიზელთა ორი მთავარი ვარსკვლავი, კილიან მბაპე და ნეიმარი ტრიბუნაზე ისხდნენ.

ბოლოს კლოპმა დასძინა: „ხალხი ამბობს, რომ რაკიღა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიყავით, ახალში უნდა გავიმარჯვოთ. კარგი, რა. ჩვენ მსოფლიოს ორ ყველაზე დაძაბულ შეჯიბრებაში, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ვმინაწილეობთ. ეს რასაკვირველია, მოტივაციას გვმატებს, მაგრამ გნებავთ ერთში და გნებავთ მეორეში გამარჯვება ნამდვილად არ არის ადვილი საქმე”.