განრისხებულმა პეპ გვარდიოლამ „ფულემთან” 3:0 გამარჯვების მიუხედავად წუხელ „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები საწვრთნელ ცენტრში გამოიძახა და დამატებითი ვარჯიში ჩაუტარა. მართალია ლონდონელებთან შეხვედრაში „სიტიმ” 28(!) საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ კატალონიელმა მწვრთნელმა თქვა:

„ძალიან გაბრაზებული ვარ. ჩემმა ფეხბურთელებმა მაწყენინეს და მათ ეს კარგად იციან. ვერ ვეგუები, როდესაც ისინი მარტივ რაღაცებს ვერ აკეთებენ. მაგალითად, მარტივ პასს ვერ აწვდიან ან მარტივ სიტუაციაში ბურთს ვერ აკონტროლებენ.

ჩვენ ამის შესახებ ბევრჯერ გვილაპარაკია და სწორედ ამიტომ ვაპირებ დავარწმუნო ისინი, რომ გაცილებით უკეთ შეუძლიათ თამაში”.

როგორც ამბობენ, „სიტის” ფეხბურთელებს გვარდიოლამ დამატებითი ტაქტიკური ვარჯიში ჩაუტარა, „ფულემთან” შეხვედრა გაარჩია და შეცდომებზე მიუთითა.

„ქალაქელთაგან” „ფულემის” კარში გოლები გაიტანეს ლეროი სანემ, დავიდ სილვამ და რაჰიმ სტერლინგმა, მაგრამ გუნდმა არც მეტი-არც ნაკლები 25 შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

„სიტის” მწვრთნელმა დასძინა: „ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ უმარტივეს სიტუაციებში ცდებოდნენ. ნაკლი განსაკუთრებით პირველ ტაიმში შეიმჩნეოდა.

გასულ სეზონში 100 ქულა დავაგროვეთ. შემდეგ, ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა და ამის გამო ბევრი ფეხბურთელი შეკრებაზე გვიან შემოგვიერთდა. ასეთ დროს, კი ადამიანს გადართვა გიჭირს.

არა უშავს, ახლა საქმეს შევუდექით და ყველაფერი დალაგდება”.

„მანჩესტერ სიტი” არა მარტო პრემიერლიგის, არამედ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტადაც არის მიჩნეული. ის ოთხშაბათს შინ „ლიონს” ეთამაშება.