320 უგოლო წუთის შემდეგ, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის” შემადგენლობაში თავისი პირველი… და მეორე გოლები გაიტანა. ეს მოხდა „სასუოლოსთან” შეხვედრაში”, რომელიც „ბებერმა ქალბატონმა” 2:1 მოიგო.
პრესა წერს, რომ რონალდუმ სწორედაც რომ დროულად დაიწყო გოლების გატანა — ჩემპიონთა ლიგის წინ. ოთხშაბათს, „იუვე” ვალენსიაში თამაშობს.
თუმცა, ტურინელი გულშემატკივრისთვის ასე სასიხარულო თამაში „შახტარისა” და „ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა დუგლას კოშტამ ძალიან ცუდად დაასრულა. მან მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ფედერიკო დი ფრანჩესკოს შეაფურთხა. თან ძალიან ახლოდან, პირდაპირ სახეში. ამ ხულიგნობას წინ შელაპარაკება უძღოდა. ერთი ხნით ადრე კოშტამ მოწინააღმდეგეს ყბაში იდაყვიც მიარტყა.
მსაჯმა კოშტა თავიდან ყვითელი ბარათით დასაჯა, მაგრამ შემდეგ ვიდეო ასისტენტებთან კონსულტაცია გაიარა და ბრაზილიელი მოედნოდან გააძევა.
„იუვენტუსს” ოთხი თამაშიდან ოთხი მოგება აქვს.