ფრენბურთში მსოფლიო პირველობაზე A-ჯგუფის თავში აშკარა ფავორიტის სახით იტალიის ნაკრები მიგელავს, რომელმაც სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი პარტია წააგო და იაპონიის მუსვრას ბელგიელთა და არგენტინელთა დაწიხლვაც მიაყოლა. მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელი სამი ადგილისთვის ოთხი გუნდი იბრძვის (გარდა საცოდავი დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებისა). მეორე ადგილზე გასაჭრელად საკვანძო თამაში გუშინ სლოვენიამ მოუგო ბელგიას. 0:2 ჩამორჩენის შემდეგ სამხრეთელმა სლავებმა უმაგალითო სიჯიუტე გამოამჟღავნეს და ზედიზედ ორი სტანდარტული პარტიის მოგებას ზედ ტაი-ბრეკიც მიაყოლეს. საეჭვოა, მეორე ადგილიდან მათი მოშორება მოხერხდეს, იტალიასთან ბოლო ტურში უძნელესი შეხვედრის გათვალისწინებითაც კი. მომდევნო ეტაპის ერთი ზედმეტი ნაკრები არგენტინას, ბელგიასა და იაპონიას შორის უფროა საძიებელი.

B-ჯგუფში ყველაფერი ნათელია. პირველმა ჯგუფურმა ეტაპმა ჯერ მხოლოდ გადაიარა ეკვატორი, მაგრამ დანამდვილებით ითქმის (და შეიძლებოდა თქმულიყო ჩემპიონატის დაწყებამდეც), რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავლენ კანადა, საფრანგეთი, ჰოლანდია და ბრაზილია. ჩინეთი და ეგვიპტე ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ, ერთადერთი მატჩის მოგებას ვინ მოახერხებს და გუდა-ნაბადს აიკრავენ, მსოფლიო ფრენბურთის ოთხმა ხარკამეჩმა კი უკვე მოახერხა ერთმანეთში ფიცხელი რქენის გამართვა და უაზრო ჩავარდნებითაც გააკვირვა ფრენბურთის ქომაგი. დიდად შეუხედავი იყო პირველ ტურში ჰოლანდია კანადასთან (0:3 – 15:25, 23:25, 18:25), მაგრამ შემდეგ ჩინეთი დასცა და მესამე ტურში თვით ბრაზილიას არ დაუტოვა შანსები (3:1 – 21:25, 25:20, 25:20, 25:21). ამ უკანასკნელს კი მანამდე დრამატული თამაში მოეგო ფრანგთათვის (3:2 – 25:20, 25:20, 21:25, 23:25, 15:12) და ტიტების ქვეყნელებთან ასე რამ გამოფიტა, ძნელი სათქმელია. ჯერჯერობით მხოლოდ კანადა იძვრის სატურნირო ცხრილში უდანაკარგოდ, მაგრამ უფრო მაჩანანჩალათა ხარჯზე. დასკვნით ტურებში ნეკერჩხლის ფოთლოსნებს ორი სერიოზული გამოცდა ელით: ჯერ ბრაზილიასთან, მერე საფრანგეთთან და მათი ბიჭობა, აბა იქ გამოჩნდება!

ჰოლანდიამ ბრაზილიას სენსაციურად მოუგო. ფოტო: italy-bulgaria2018.fivb.com

სერბეთთან ძნელი მოგების შემდეგ C-ჯგუფის ლიდერ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ერთობ მისჭირდა ავსტრალიასთანაც (3:2 – 25:23, 25:20, 22:25, 23:25, 15:10) და ზედიზედ მეორე ქულის დაკარგვით გაბრაზებულმა მესამე ტურში ჯავრი ევროპის ჩემპიონ რუსეთზე იყარა. აღნიშნულ ჯგუფს ასევე ჰყავს თავის მაჩანჩალა ტუნისი და არც კამერუნის ნაკრები ჰგავს მომდევნო ეტაპზე გამსვლელს.

ამერიკელებმა რუსებთან გამარჯვებით გაიხარეს. ფოტო: italy-bulgaria2018.fivb.com

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პოლონეთი და აზიის ნომერ პირველი ირანი მოგებათა მაქსიმუმით D-ჯგუფს უძღვიან წინ და ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან. მასპინძელი ბულგარეთი და ფინეთი დიდი ალბათობით მომდევნო რაუნდში გავლენ, რადგან ანტილის კუნძულებიდან მოსულ ნაკრებებს (კუბა, პუერტო-რიკო) სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობათ, აგებენ და აგებენ…

სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ

ჯგუფი A

ნაკრებითამაში (მოგება-წაგება)პარტია (მოგება-წაგება)ბურთები (ჩაგდებული-მიღებული)ქულა
იტალია5-015-2423-32615
ბელგია3-211-8419-39410
სლოვენია3-212-10479-4639
არგენტინა2-310-11475-4696
იაპონია2-38-11414-4275
დომინიკის რესპუბლიკა0-51-15267-3980

ჯგუფი B

ნაკრებითამაში (მოგება-წაგება)პარტია (მოგება-წაგება)ბურთები (ჩაგდებული-მიღებული)ქულა
ბრაზილია4-113-6439-40511
ჰოლანდია4-112-8455-42011
საფრანგეთი3-213-7456-42011
კანადა3-211-7426-4089
ეგვიპტე1-44-13368-4263
ჩინეთი0-53-15375-4400

ჯგუფი C

ნაკრებითამაში (მოგება-წაგება)პარტია (მოგება-წაგება)ბურთები (ჩაგდებული-მიღებული)ქულა
აშშ5-015-5456-38313
სერბეთი4-114-7476-43012
რუსეთი3-212-6422-36610
ავსტრალია2-39-11428-4427
კამერუნი1-44-12334-3983
ტუნისი0-52-15317-4140

ჯგუფი D

ნაკრებითამაში (მოგება-წაგება)პარტია (მოგება-წაგება)ბურთები (ჩაგდებული-მიღებული)ქულა
პოლონეთი3-015-3445-34315
ირანი4-112-7437-40011
ბულგარეთი3-211-6395-3689
ფინეთი2-39-12453-4716
კუბა1-46-13392-4363
პუერტო-რიკო0-53-15331-4351

 

წილი
წინა სტატიააზარი — ევროპის საუკეთესო!
შემდეგი სტატიადიადიდან სასაცილომდე
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია